RSS Feed

Author Archives: iverioni

პასუხი

Posted on

ძვირფასო ავთანდილ, შენი ნოსტალგია

საძირკვლად ჩაედო ჩემეულ სიგიჟეს,

რამდენი სიკვდილი ვანთხიე ლექსებად,

რამდენი ტკივილი უცრემლოდ ვითმინე.

დიდხანს გამიგრძელდა სიჩუმე ძამიკო,

წამი ვერ ვიპოვე პასუხი გამეცა,

ჩარჩოში ვტენილი ზომაზე ვრცლ პორტრეტს,

ღმერთთან მივათრევდი უზნეო არსებას.

იქნებ მე არცა ვარ, ვინც ეხლა გპასუხობს,

ალბათ ეს ბრძოლების შემდეგი ტურია,

ეშმამ გაუმართა უფალს მარათონი,

ჯილდო კი პოეტის საბრალო სულია.

თვითონაც არ ვიცი, როგორ დავეხსნები

ამ ორი გიგანტის მკლავებს და ხაფანგებს,

ერთი სიყვარულით, მეორე ცდუნებით

თოკს ქაჩავს თავისკენ, მხლიჩავს და მაწამებს.

მიტომ დაგიდუმდი, სათქმელი არ მქონდა,

ვიცი, რომ შენც ებრძვი შენეულ დემონებს,

კაცთაგან ნამტრობი უფალს მიებაროს,

ღვთისგან გაქცეული რას უნდა ველოდე?

ასე რომ ბძოლიდან ბრძოლაში მივათრევ

შელეწილ გულმკერდს და მაინც არ ვნებდები,

თუმცა ვერც ცოდვიან ვნებებს ველევი და

ვერც უფლის დადგენილ იდეალს შევწვდები.

ამიტომ, დუმილი უნდა მაპატიო,

ძნელია, როდესაც არჩევანს აკეთებ,

უფალი მაფრთხილებს, კუპრში დავიწვები,

ეშმა კი ცხვრად ქცევის მუქარით მახელებს.

რა უჭირს ძამიკო, კაცმა თუ გაგწირა,

დღეს ემიგრანტი ხარ, ხვალ სახლი გექნება,

ოღონდაც არასდროს უფალს განეშორო,

გთხოვ, წესად დაიდე ლოცვა და ვედრება…

მე კი შევეცდები სიგიჟეს დავეხსნა,

ღვინისფერ ვნებებს და ლექსსაც შეველევი,

ოღონდაც მეღირსოს უკან დაბრუნება,

თუ ფასი ესაა, ფარას შევერევი…

 

იქნებ მე არცა ვარ, ვინც ეხლა გპასუხობს,

იქნება ვერასდროს ვერ გავხდე მორჩილი,

შენ უნდა გაუძლო, ორი გყავს ბოკვერი,

მე თავისუფლების დავიდე ბორკილი…

02.04.2012

ნინია

 

ა.გ.

Posted on

ხელი მომეცი აწმყოო

შევხვდეთ მომავალს იმედით

რწმენამ მირონი გვაცხოო

მადლი რომ გვდევდეს სიმედგრით

სრულდება ყველა საწყისი

რაც უღმერთობით დაიწყო

თესლი ხედ იქცა მარცვლისი

თუმცა უწყლობით დაიმცრო

გახმა და გაქრა მიწაში

როგორც უღმრთოებს ეგების

ახლა აწმყო ვართ მის ცვლაში

მამავლის კარი გვეღების

უნდა განათდეს წყვდიადი

ივერს მოედოს მადლი ცის

ნერგს თავადა ზრდის დიადი

ერთგულნი თვისნი მან იცის

ჩვენც ვემსახუროთ დღეისით

ვადიდოთ წმინდის სახელი

ჩვენში თენდება დღე მისით

გლახაკთ სხვა ვინ გვყვავს მნახველი.

03.2012

„უ.შ„

ბარსელონა

ღატაკი სული

Posted on

ცოდვილ აზრებში, ურწყულად იქცა

ღატაკი სული მთხოველი მადლის

აქ მიწას ვითმენ, თუ მელის იქ ცა,

როდესაც თავი უღმერთოს მადრის

ევედრეთ ჩემთვის მართალნო ღვთისა

შეწევნად ჩემდა, უძლურთა შემწეს

დაფარვად მგლისგან, უძღები ცხვრისა

მშვიდობას სულში სხვა მე ვინ შემძენს

მკურნალო სნეულთ მილხინე ამას

ვიბეჭდავ გულზე მრჩეველად სინდისს

სურვილებს წყეულთ, ვაშორებ ალაგს

რომ შეგიმეცნო სულისგან ცმინდის.

22.03.2012

„უ.შ„

ბარსელონა

მოყვასისადმი…

Posted on

სანთლები ვუნთოთ ერთმანეთს თაფლის,

სიტკბო დაადნობს გულში ცივ კედელს

შენდობა მივცეთ წყენათა დაფლვის

ქრისტიან მოყვასს, ქრისტეს მიმღებელს

 

ვიყვარებოდეთ როგორც და-ძმანი 

რათა უფლის გზას შეუდგეთ შვილად

სიკეთეს ეპყრას ხორცნი და ძვალნი

სიყვარულისთვის ვიყვნეთ შექმნილად

 

ვიმარხოთ ღმერთი, მამათ და მშობლად

შემწედ და მხსნელად, როგორც მეუფე

თუ გუშინ მცირედ გვექმნა ღირსყოფად

დაე მოვიდეს სიღრმით დღეს უკვე

 

მზე სიმართლისა, იმედი ძალის

ბოროტ საცდურთა რომ გვფარვის გვიცევს 

ვთქვათ, რომ მისტვის ვართ, ის, ჩვენთვის არის,

ვიდრემდის რწმენას მადლით გვინმტკიცებს

 

ერთ-სულ შევიკრათ მაცხოვრის ფარათ,

მწყემსით კეთილით, მართლ-რწმენით ყოველთ

რომ დაეფინოს ჩვენს სულს ცის ნამათ

მშვიდობა, რასაც ქრისტეში ვპოვებთ.

03.2012

„უ.შ.„

ბარსელონა

მე შენ….

Posted on

                                                      მარიამს 
მე შენ მიყვარხარ და საქართველო,
მიტოვებული ლექსების წვიმა,
შენთან გაზაფხულს მოაქვს იები,
აქ კი აპრილმაც მოიცვა ყინვა.
მე შენ მიყვარხარ და ლურჯი მთები,
ედელვაისი უშბას კალთებზე,
გამოგიგზავნი ცრემლს სტიქონებად,
რომ ჩემი სევდა უფსკრულს ავსებდეს.
შენ მენატრები და საქართველო,
დაკიდებული ტუჩებზე კოცნა,
გთხოვ, არასოდეს არ დამივიწყო, Read the rest of this entry

რომ აღარ დადგეს ,,ხვალ,,

Posted on

უკანასკნელი აღსარებისას  მოძღვარმა დამარიგა, როგორ უნდა მოვმზადებულვიყავი პირველი ზიარებისთვის და გული ჩამწყდა. გაგიკვირდებათ და  მაშინ, როცა მართლმადიდებლები ზიარებას, როგორც ხსნას ისე მიესწრაფვიან, მე შიშისგან გავიყინე.  ერთერთმა მრევლმა მითხრა, რომ სანამ ზიარებას არ მივიღებდი მამა ლუკა ჩემი სულიერი მოძრვარი არ იყო, მეორესთან საუბრისას კი გავიგე, რომ   როცა მოძღვარი გაზიარებს ის შენს ცოდვებზე იღებს პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ შემეშინდა ამხელა პასუხისმგებლობის აღების საკუთარ თავზე. არ ვიცი, რამდენად სწორად მივხვდი, მაგრამ თუ მოძღვარი მაზიარებს, ის ხდება შუამავალი უფალსა და ჩემს შორის, ანუ ერთგვარ თავდებში მიდგება და თუ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ადრე დაშვვებულ შეცდომებს, ის ჩემი ცოდვის მონაწილე ხდება, თუ რაღაც ამდაგვარი. მოკლედ, ჩემთვის ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაული იქნებოდა და თავისთავად უზარმაზარი ტვირთიც.

ცოდვა გამხელილი ჯობსო, ჩვენში ამბობენ და როცა პირველად შევხვდი მამა ლუკას, სულ არ მიფიქრია სულიერი ცხოვრების დაწყებაზე, წირვებზე, აღსარებაზე და ასე შემდეგ. მითუმეტეს, არც მიტევებაზე და ზიარებაზე მიოცნებია.  თვითონ გამოვუტანე საკუთარ თავს განაჩენი და არც გასაჩივრებას დავუქვემდებარე)). არც მაშინ გამივლია გონებაში ზიარება, როცა პირველი აღსარება გავანდე მოძღვარს.  ეს უფრო საკუთარი თავის დასამდაბლებლად გავაკეთე. მინდოდა უფლისთვის მეჩვენებია, რომ ჩემი შეცდომების აღიარება შემეძლო და კარგად ვაცნობიერებდი, როგორი იყო ჩემი ჯვარი. მეორე აღსარებაზე ვიტრინაში დადგმული შიშველი ფიტულივით მივედი. დაცლილი და უსახური… სწორედ აქედან დაიწყო საშინელი ბრძოლები, რაზეც ოდესმე გიამბობთ. მესამე აღსარება კი იმიტომ ჩავაბარე, რომ წინა დღით მოძღვრის თვალებში მოლოდინი დავინახე და იმედის გაცრუება არ მინდოდა. ამის მერე შვებაც ვიგრძენი და ახალი ქარიშხლის მოახლოების მოლოდინითაც გავიჟღინთე.

მეორე მიზეზი, რის გამოც არ მინდოდა ზიარება საკუთარი თავის ღირსად არ ცნობა იყო. ,,მომიტევენ თანანადებნი ჩემნი, ვითარცა მე მივუტევებ თანამდებთა მათ ჩემთა,, …. არადა, მე პატიება არ მიდნოდა და რა უფლებით უნდა მიმეღო უფლის ხორცი და სისხლი, მისი უსაზღვრო სიყვარულის და ჩემი ცოდვების მოტევების ნიშნად… არსებობს ადამიანების კატეგორია, Read the rest of this entry

წითელი, ყვითელი, მწვანე

Posted on

დილის თერთმეტს გადასცდა. არ მახსოვს საით მიმეჩქარებოდა, მაგრამ ახლა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. სერდანიოლას ქუჩაზე, სადაც ტრამვაის ლიანდაგი გზაჯვარედინზე გადადის,  შუქნიშანზე წითელი აინთო და დამუხრუჭება ვერ მოვასწარი. ძალიან სწრაფად, წამის მეოთხედში ჩემთან გაჩნდა…. მე ვიგრძენი ერთდროულად ცხელი და ცივი ტალღა მთელს სხეულზე როგორ გადამევლო, ესეც წამის მეოთხედში… ამდენივე დრო დასჭირდა ჩემი სახლის კარის ფერის გახსენებას: მუქი წაბლისფერი. ო, როგორ დამენანა, რომ ვეღარასოდეს შევაღებდი ამ კარებს. ჩემი შეყვარებულის თვალებიც დავინახე… ისიც კი, როგორ ამზადებდა ხოლმე დილაობით  ყავას ორივესთვის… ტელეფონის ნერვიული ზარიც ჩამესმა… დედაჩემი რეკავს, რომ დააზუსტოს, ვახშმად ვესტუმრებით თუ არა…. ჯერ არ იცის, რომ ვეღარც მის კარს შევაღებ და ვეღარასოდეს ვეამბორები მაღალ შუბლზე. საერთოდ არც დედამ და არც საყვარელმა ქალმა არ იციან, რომ როცა შუქნიშანზე წითელი აინთო, მე ისინი გავიხსენე და გული დამწყდა,  რომ ამას ვერასოდეს გაიგებენ…

სულ ერთი წამი, ერთი არასწორი გადაწყვეტილება, ერთი შეცდომა და მე ქუჩის ერთ მხარეზე ვეგდე, ჩემი მოტო კი გზაჯვარედინის მეორე მხარის ტროტუარზე დაილეწა. ის კი ისევე სწრაფად და მშვიდად გასრიალდა ლიანდაგზე, თითქოს არაფერი მომხდარა… ბავშვობაში, სანამ მართვის მოწმობას ავიღებდი, ხშირად გადაგვიკვეთავს ერთად გზები. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, ასე თუ დამთავრდებოდა ჩემი საკუთარი გზა, მაგრამ ახლა არც ამას აქვს მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ შაბათს მეგობრებთან ერთად ლუდი უნდა დამელია და საყვარელი გუნდისთვის მეგულშემაკივრა.  ვერც წუხანდელი თამაშის განხილვა მოვასწარი…. ამაზე ცუდი კი ისაა, რომ არასოდეს მეყოლება ვაჟი, რომლის მატჩსაც  სიამაყით სავსე გულით დავესწრებოდი, თუნდაც მეკარე ყოფილიყო და თერთმეტი გოლი გაეშვა….

ამ ყველაფერმა ისე გამიელვა, როგორც ელექტროტალღამ და როცა ტრამვაი სწრაფად გასრიალდა ლიანდაგზე, მე დავინახე ჩემი გასრესილი სხეული. არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი აქამდე. ჯინსები მაქიფრებინებს, რომ შუახანს ახლახანს მიტანებული მამაკაცი უნდა ვიყო. სახის ნაკვთების გარჩევა ვერ შევძელი.  ვერც იმის, ჭაღარა ვიყავი უკვე, თუ არა… მაგრამ ეხლა ესეც სულეთია…  მე მაინც ვეღარ შევაღებ მუქ წაბლისფერ კარებს და ვერასოდეს დავინახავ მის საყვედურით სავსე თვალებს, სადილზე დაგვიანებდის გამო…

მალე მოვერცხლისფრო ქაღალდი გადამაფარეს და ტრამვაის მოძრაობა გააჩერეს… ცნობისმოყვარეებმა ახლოს მოსვლა ვერ გაბედეს და შორიდან უმზერდნენ სანახაობას. მან კი ავტობუსის ფანჯრიდან დაინახა ჩემი ცხედარი (უფრო სწორად, რაც მისგან დარჩა),  სისხლის გუბე და მკერდში მაცხენა მხარეზე ჩხვლერა იგრძნო.  გაახსენდა, მასაც რამდენჯერ გადაუკვეთავს წითელზე, რამდენჯერ გაუყოლებია მეგობრები უკან და  არც კი დაფიქრებულა, რომ ფერები ხშირად არ არის უბრალოდ პირობითობა.  ასევე წამის მეოთხედი დასჭირდა იმის  გასაფიქრებლად, რომ მე უეჭველი ერთ-ერთი მის მეგობართაგან ვიყავი, ამიტომ ავტობუსიდან სასწრაფოდ ჩამოსულმა სირბილით გადაკვეთა ქუჩა, ისე რომ შუქნიშნისკენ არც კი გაუხედავს. როცა დარწმუნდა,   ცდებოდა  შვების ნაცვლად უფრო მეტად დამწუხრდა, ოღონდ ზუსტად ვერ მივხვდი, რატომ.  წამიერად მომეჩვენა, რომ რაღაცას ჩემგან ვერმოსწრებულს გაეტირა და დავფიქრდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო…

უცნაურია, საკუთარ თავზე არაფერი მახსოვდა, მაგრამ ადამიანებზე, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ყველაფერი. მახსოვდა პირველად როგორ დავთვერი, როგორ ვაკოცე გოგოს და როგორ დავჯექი მოტოზე… მახსოვდა ჩემი ცხოვრების ყველა ბედნიერი წამი და იმის ნაცვლად, რომ დავმტკბარვიყავი მათი მოგონებით, საოცრად დამწყდა გული… მივხვდი, რომ ვერასოდეს ვეღარაფერს ვიგრძნობდი, ვერც ბედნიერებას და ვერც ტკივილს… ახლა ტროტუარზე გასრესილი ვეგდე და მეტი არაფერი დამრჩენოდა მოლოდინის გარდა, რომ ვინმეს ჩემი ცხედარი აქედან წაეღო. ჩემდა ჭირად ვერც იმ უცნობის აცრემლებულ თვალებს ვიგდებდი გონებიდან და გული მეკუმშებოდა, იმის წარმოდგენაზე, თუ რა დაემართებოდათ ჩემებს, როცა ასეთ დღეში ნახავდნენ იმას, რაც ჩემგან დარჩა…

არ ვიცი, რა დრო გავიდა მას მერე, რაც მოვკვდი… ალბათ ძალიან ცოტა, რადგან ჯერ კიდევ ქუჩაში ვგდივარ ვერცხლისფერ ქაღალდ გადაფარებული, მაგრამ მეჩვენება რომ უკვე მთელი უსასრულობაა ასე უწონოდ და უმიზნოდ ველოდები რაღაცას გაჭედილი სიცოცხლესა და ახალ, უცნობ რეალობას შორის. არც ის შემიძლია, რომ ჩემი ცხედარი ასე, ქუჩაში მივატოვო. არადა, ისე ძალიან დავიღალე საკუთარი სისხლის გუბის ხედვით. თანდათან ვერ გავლილი გზის სინანულს გაურკვეველი შიში ემატება. აი, ბავშვობაში სახლში მარტო დარჩენილს რომ მეუფლებოდა, ზუსტად ისეთი… მაგრამ ამჯერად ვიცი, რომ დედა არ შემომიღებს კარს და გულში არ ჩამიკრავს… ვხვდები,  რომ მარტო ვარ და ისევ მიბრუნდება ის განცდა, რაც მატარებლის ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრში დანახვისას დამეუფლა: ხერხემალში გავლილი ცხელი და ცივი ტალღა ….. მაგრამ ახლა ეს შეგრძნება გაცილებით ხანგრძლივი და ტკივილიანია… ისე როგორც უცნობის თვალებში დანახული რაღაც უცნაური სინანული….

ვიცი, რომ გული დასწყდა  ჩემი უდროო სიკვდილის გამო. რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ახალგაზრდა ვიყავი. შეაშინა ამდენი სისხლის დანახვამ… პირველად ნახა სისხლი, რომელიც მისი არ იყო…  სიკვდილს არ შეუკრთია, ეს არ იყო მათი პირველი შეხვედრა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით გაღიზიანდა… იცოდა, რომ მე ეს არ ამირჩევია  და არც ჩემი წასვლის დრო იყო დამდგარი.  გაბრაზდა შუქნიშანზე, მემანქანეზე, ეშელონის პირველ ვაგონზე, წითელ ფერზე და საათის ისრებზეც კი, რომლებმაც არც დანდობა იციან და არც უკან დაბრუნება… გაბრაზდა ყველაზე და ყველაფერზე ჩემს გარდა… მე უბრალოდ შევეცოდე და მოვენატრე, ისე თითქოს ოდესღაც ჩემი ნაწილი იყო. ალბათ რამდენიმე დღე გამიხსენებს.., იქნებ  რამდენიმე ცრემლიც კი ჩამოუგორდეს ღაწვებზე და მერე ისევ გააგრძელებს ცხოვრებას სიკვდილ-სიცოცხლის წვრილ ძაფზე ჯამბაზივით ცეკვით  და წითელის, ყვითლის  და მწვანის გამუდმებული იგნორირებით…. მის მზერაში დავინახე, რომ ჩემი უბედური შემთხვევა სხვა დროს  შეიძლება მისი არჩევანი ყოფილიყო… და კიდევ ერთხელ დაენანება რაღაც, რისი გაკეთებაც მე სიცოცხლეში ვერ მოვასწარი…. ახლაც ვერაფრით ვხვდები, რა???

ამასობაში ჩემმა სისხლმა ასფალტი გააფერადა… ალბათ გაჭირდება ლაქის გაცლა და რამდენიმე დღე ჩემი ნარჩენები ისევ უხერხულობას შეუქმნის გამვლელებს…რამდენჯერაც შუქნიშანს და საკუთარ ცხედარს დავხედავ, იმდენჯერ მარტოობის მტანჯველი გრძნობით, საბედისწერო შეცდომის გამოსწორების ძლიერი სურვილით და რაღაც გაურკვევლის ენით აუწერელი შიშთ ვივსები…

დრო კი არ მოძრაობს…

ღმერთო ჩემო, ნეტავ რისი გაკეთება დამავიწყდა სიცოცხლეში???

ამ ვერცხლისფერ ქაღალდში ცივა, საშინლად ცივა….

…ნეტავ რა გამოვტოვე ასეთი მნიშვნელოვანი???

დროც არ გადის…

ღმერთო, რა გამოვტოვე სიცოცხლეში????

03,20…

ნინია

Follow

Get every new post delivered to your Inbox.