Monthly Archives: მარტი 2012

წითელი, ყვითელი, მწვანე

დილის თერთმეტს გადასცდა. არ მახსოვს საით მიმეჩქარებოდა, მაგრამ ახლა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. სერდანიოლას ქუჩაზე, სადაც ტრამვაის ლიანდაგი გზაჯვარედინზე გადადის,  შუქნიშანზე წითელი აინთო და დამუხრუჭება ვერ მოვასწარი. ძალიან სწრაფად, წამის მეოთხედში ჩემთან გაჩნდა…. მე ვიგრძენი ერთდროულად ცხელი და ცივი ტალღა მთელს სხეულზე როგორ გადამევლო, ესეც წამის მეოთხედში… ამდენივე დრო დასჭირდა ჩემი სახლის კარის ფერის გახსენებას: მუქი წაბლისფერი. ო, როგორ დამენანა, რომ ვეღარასოდეს შევაღებდი ამ კარებს. ჩემი შეყვარებულის თვალებიც დავინახე… ისიც კი, როგორ ამზადებდა ხოლმე დილაობით  ყავას ორივესთვის… ტელეფონის ნერვიული ზარიც ჩამესმა… დედაჩემი რეკავს, რომ დააზუსტოს, ვახშმად ვესტუმრებით თუ არა…. ჯერ არ იცის, რომ ვეღარც მის კარს შევაღებ და ვეღარასოდეს ვეამბორები მაღალ შუბლზე. საერთოდ არც დედამ და არც საყვარელმა ქალმა არ იციან, რომ როცა შუქნიშანზე წითელი აინთო, მე ისინი გავიხსენე და გული დამწყდა,  რომ ამას ვერასოდეს გაიგებენ…

სულ ერთი წამი, ერთი არასწორი გადაწყვეტილება, ერთი შეცდომა და მე ქუჩის ერთ მხარეზე ვეგდე, ჩემი მოტო კი გზაჯვარედინის მეორე მხარის ტროტუარზე დაილეწა. ის კი ისევე სწრაფად და მშვიდად გასრიალდა ლიანდაგზე, თითქოს არაფერი მომხდარა… ბავშვობაში, სანამ მართვის მოწმობას ავიღებდი, ხშირად გადაგვიკვეთავს ერთად გზები. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, ასე თუ დამთავრდებოდა ჩემი საკუთარი გზა, მაგრამ ახლა არც ამას აქვს მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ შაბათს მეგობრებთან ერთად ლუდი უნდა დამელია და საყვარელი გუნდისთვის მეგულშემაკივრა.  ვერც წუხანდელი თამაშის განხილვა მოვასწარი…. ამაზე ცუდი კი ისაა, რომ არასოდეს მეყოლება ვაჟი, რომლის მატჩსაც  სიამაყით სავსე გულით დავესწრებოდი, თუნდაც მეკარე ყოფილიყო და თერთმეტი გოლი გაეშვა….

ამ ყველაფერმა ისე გამიელვა, როგორც ელექტროტალღამ და როცა ტრამვაი სწრაფად გასრიალდა ლიანდაგზე, მე დავინახე ჩემი გასრესილი სხეული. არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი აქამდე. ჯინსები მაქიფრებინებს, რომ შუახანს ახლახანს მიტანებული მამაკაცი უნდა ვიყო. სახის ნაკვთების გარჩევა ვერ შევძელი.  ვერც იმის, ჭაღარა ვიყავი უკვე, თუ არა… მაგრამ ეხლა ესეც სულეთია…  მე მაინც ვეღარ შევაღებ მუქ წაბლისფერ კარებს და ვერასოდეს დავინახავ მის საყვედურით სავსე თვალებს, სადილზე დაგვიანებდის გამო…

მალე მოვერცხლისფრო ქაღალდი გადამაფარეს და ტრამვაის მოძრაობა გააჩერეს… ცნობისმოყვარეებმა ახლოს მოსვლა ვერ გაბედეს და შორიდან უმზერდნენ სანახაობას. მან კი ავტობუსის ფანჯრიდან დაინახა ჩემი ცხედარი (უფრო სწორად, რაც მისგან დარჩა),  სისხლის გუბე და მკერდში მაცხენა მხარეზე ჩხვლერა იგრძნო.  გაახსენდა, მასაც რამდენჯერ გადაუკვეთავს წითელზე, რამდენჯერ გაუყოლებია მეგობრები უკან და  არც კი დაფიქრებულა, რომ ფერები ხშირად არ არის უბრალოდ პირობითობა.  ასევე წამის მეოთხედი დასჭირდა იმის  გასაფიქრებლად, რომ მე უეჭველი ერთ-ერთი მის მეგობართაგან ვიყავი, ამიტომ ავტობუსიდან სასწრაფოდ ჩამოსულმა სირბილით გადაკვეთა ქუჩა, ისე რომ შუქნიშნისკენ არც კი გაუხედავს. როცა დარწმუნდა,   ცდებოდა  შვების ნაცვლად უფრო მეტად დამწუხრდა, ოღონდ ზუსტად ვერ მივხვდი, რატომ.  წამიერად მომეჩვენა, რომ რაღაცას ჩემგან ვერმოსწრებულს გაეტირა და დავფიქრდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო…

უცნაურია, საკუთარ თავზე არაფერი მახსოვდა, მაგრამ ადამიანებზე, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ყველაფერი. მახსოვდა პირველად როგორ დავთვერი, როგორ ვაკოცე გოგოს და როგორ დავჯექი მოტოზე… მახსოვდა ჩემი ცხოვრების ყველა ბედნიერი წამი და იმის ნაცვლად, რომ დავმტკბარვიყავი მათი მოგონებით, საოცრად დამწყდა გული… მივხვდი, რომ ვერასოდეს ვეღარაფერს ვიგრძნობდი, ვერც ბედნიერებას და ვერც ტკივილს… ახლა ტროტუარზე გასრესილი ვეგდე და მეტი არაფერი დამრჩენოდა მოლოდინის გარდა, რომ ვინმეს ჩემი ცხედარი აქედან წაეღო. ჩემდა ჭირად ვერც იმ უცნობის აცრემლებულ თვალებს ვიგდებდი გონებიდან და გული მეკუმშებოდა, იმის წარმოდგენაზე, თუ რა დაემართებოდათ ჩემებს, როცა ასეთ დღეში ნახავდნენ იმას, რაც ჩემგან დარჩა…

არ ვიცი, რა დრო გავიდა მას მერე, რაც მოვკვდი… ალბათ ძალიან ცოტა, რადგან ჯერ კიდევ ქუჩაში ვგდივარ ვერცხლისფერ ქაღალდ გადაფარებული, მაგრამ მეჩვენება რომ უკვე მთელი უსასრულობაა ასე უწონოდ და უმიზნოდ ველოდები რაღაცას გაჭედილი სიცოცხლესა და ახალ, უცნობ რეალობას შორის. არც ის შემიძლია, რომ ჩემი ცხედარი ასე, ქუჩაში მივატოვო. არადა, ისე ძალიან დავიღალე საკუთარი სისხლის გუბის ხედვით. თანდათან ვერ გავლილი გზის სინანულს გაურკვეველი შიში ემატება. აი, ბავშვობაში სახლში მარტო დარჩენილს რომ მეუფლებოდა, ზუსტად ისეთი… მაგრამ ამჯერად ვიცი, რომ დედა არ შემომიღებს კარს და გულში არ ჩამიკრავს… ვხვდები,  რომ მარტო ვარ და ისევ მიბრუნდება ის განცდა, რაც მატარებლის ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრში დანახვისას დამეუფლა: ხერხემალში გავლილი ცხელი და ცივი ტალღა ….. მაგრამ ახლა ეს შეგრძნება გაცილებით ხანგრძლივი და ტკივილიანია… ისე როგორც უცნობის თვალებში დანახული რაღაც უცნაური სინანული….

ვიცი, რომ გული დასწყდა  ჩემი უდროო სიკვდილის გამო. რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ახალგაზრდა ვიყავი. შეაშინა ამდენი სისხლის დანახვამ… პირველად ნახა სისხლი, რომელიც მისი არ იყო…  სიკვდილს არ შეუკრთია, ეს არ იყო მათი პირველი შეხვედრა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით გაღიზიანდა… იცოდა, რომ მე ეს არ ამირჩევია  და არც ჩემი წასვლის დრო იყო დამდგარი.  გაბრაზდა შუქნიშანზე, მემანქანეზე, ეშელონის პირველ ვაგონზე, წითელ ფერზე და საათის ისრებზეც კი, რომლებმაც არც დანდობა იციან და არც უკან დაბრუნება… გაბრაზდა ყველაზე და ყველაფერზე ჩემს გარდა… მე უბრალოდ შევეცოდე და მოვენატრე, ისე თითქოს ოდესღაც ჩემი ნაწილი იყო. ალბათ რამდენიმე დღე გამიხსენებს.., იქნებ  რამდენიმე ცრემლიც კი ჩამოუგორდეს ღაწვებზე და მერე ისევ გააგრძელებს ცხოვრებას სიკვდილ-სიცოცხლის წვრილ ძაფზე ჯამბაზივით ცეკვით  და წითელის, ყვითლის  და მწვანის გამუდმებული იგნორირებით…. მის მზერაში დავინახე, რომ ჩემი უბედური შემთხვევა სხვა დროს  შეიძლება მისი არჩევანი ყოფილიყო… და კიდევ ერთხელ დაენანება რაღაც, რისი გაკეთებაც მე სიცოცხლეში ვერ მოვასწარი…. ახლაც ვერაფრით ვხვდები, რა???

ამასობაში ჩემმა სისხლმა ასფალტი გააფერადა… ალბათ გაჭირდება ლაქის გაცლა და რამდენიმე დღე ჩემი ნარჩენები ისევ უხერხულობას შეუქმნის გამვლელებს…რამდენჯერაც შუქნიშანს და საკუთარ ცხედარს დავხედავ, იმდენჯერ მარტოობის მტანჯველი გრძნობით, საბედისწერო შეცდომის გამოსწორების ძლიერი სურვილით და რაღაც გაურკვევლის ენით აუწერელი შიშთ ვივსები…

დრო კი არ მოძრაობს…

ღმერთო ჩემო, ნეტავ რისი გაკეთება დამავიწყდა სიცოცხლეში???

ამ ვერცხლისფერ ქაღალდში ცივა, საშინლად ცივა….

…ნეტავ რა გამოვტოვე ასეთი მნიშვნელოვანი???

დროც არ გადის…

ღმერთო, რა გამოვტოვე სიცოცხლეში????

03,20…

ნინია

დაუვიწყარი სამი დღე, რომელიც სიცოცხლეს აღემატება

ყველაფერი ასე დაიწყო. ერთ  დღეს მამა ლუკამ მრევლს გვამცნო, რომ იტალიაში, წმიდა ნიკოლოზის საფლავზე, წირვის ჩატარების ნებართვა გამოეთხოვა ქ. ბარში მოღვაწე  არქიმანდრიტ მოსეს (ჭანკვეტაძე).

თავის მრევლს მოგვიხმობდა სასწაულმოქმედის საფლავის მოსალოცად წინამძღვარი…მომდევნო კვირას ბილეთები დაჯავშნა და… ათასგვარი წინაღმდეგობები ზეწამოემართა  წმიდა ნაწილების მოსალოცად შემდგარ მრევლს.

“მე უთუოდ წავალ“!- თქვა მამა ლუკამ,- კვალში ჩავუდექით უმალ დანარჩენებიც. აქ მსწრაფლშემწე სასწაულმოქმედმაც არ დააყოვნა, უხილავი კვართი შემართა და ჩვენც მშვიდობიანად შევაბიჯეთ თვითმფრინავში.

საფრენ ბილიკთან, იტალიაში მომსახურე საქართველოს საელჩოს მიკროავტობუსითა და მსუბუქი მანქანებით გველოდნენ ფლორენციაში მომსახურე იღუმენი ანდრია (ლაცაბიძე) , მღვდელ-მონაზონი იოანე (ხელაია) და გიდი ეკატერინე კაჭარავა. თავდაპირველად Santa Maria Maggiare-ს ტაძარში მიგვიყვანეს. სამი მართლმადიდებელი მოძღვარი შეგვიძღვა მზის სხივებით ჩამოღვრილ ტაძარში. სამივე მონაზონი ერთი ტრაექტორიით მოძრაობდა.  ელვისსისწრაფით აღმოჩნდნენ თვალისმომჭრელ  და სულის დამატყვევებელად მანათობელ ოქროს აკვანთან, რომლის შუაგულშიც ბეთლემის ბაგის ნაწილები დაებრძანებინათ, სწორედ ის ფიცრები სადაც ღვთისმშობელმა ახლადშობილი ყრმა მიაწვინა. აკვანში მარტოხელა  მზის სხივი ჩაშვებულიყო და ფიცრების საოცარ ბრწყინვალებას ქარვისფრად შეეფერადებინა თვალსაწიერი. მუხლი მოვიყარეთ, დატყვევებულნი შევცქეროდით. ზოგს ლოცვის აღვლინება მოეხერხებინა ორიათასი წლის წინათ შობილი ქვეყნიერების მხსნელის თაყვანისსაცემად.

გიდის გამჭოლმა ხმამ შეგვახსენა , რომ გზა უნდა განგვეგრძო და ხელის გრძივი მოძრაობით გაგვიძღვა წინ მოზღვავებულ მნახველთა შორის. მზერა  კედლიდან თითქოსდა ამეტყველებულმა ხატმა მოგვწყვიტა. – “ ეს ლუკა მოციქულის მიერ დაწერილი პირველი სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატია “-გვიხსნიდა ქალბატონი ეკატერინე.-“ არ ვიცოდი ლუკა მოციქული ხატსაც თუ წერდა“ – ვიღაცის ნათქვამი მოწვდა ცნობიერებას…  სულიწმინდის მადლითაა შექმნილი გავიფიქრე, თვალს ვერ ვაცილებდი, ხატი “მეტყველებდა“!   თითქმის ძალის გამოყენება  ჭირდებოდა გიდს, რომ არ ჩამოვრჩენილიყავით, მხედრული ნაბიჯით დაგვატარებდა დროის სიმცირის გამო.  “წმიდა პრიქსიდას“ მივაშურეთ. ეკატერინე თხრობას განაგრძობდა:-  “Santa Prassede”, დიდებული ქალბატონი იყო, ქრისტიანების დევნისას თავის სახლში იფარავდა მათ, როდესაც შეიტყობდა ესა თუ ის ქრისტიანი აწამესო, იგი მივიდოდა იქ და წამებულის წმიდა ნაწილებს თავის სასახლეში მოაბრძანებდა. ქვედა სართულზე “Kriptash” სარკოფაგებში ორიათასსამას მოწამეთა ნაწილებია ჩასვენებული, მათ შორის წმიდა პრიქსიდასი. წარმოუდგენლად მიმაჩნდა ამდენი მოწამის ერთად მოლოცვა. ოდნავ შევეხე თითებით სარკოფაგს (ძვალთშესალაგს) და გავიფიქრე:

-“რა ბედნიერებაა ქრისტესათვის სიკვდილი“!  შემდგომ გვანახეს ძელი , რომელზეც მაცხოვარი იყო მიბმული გაროზგვისას. ძელი, რომელზეც აწამეს უფალი…  საუკუნეების მიღმიდან ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილე და მერმე მხილებული, სააშკარაოზე გამოტანილი მაცხოვრის ოფლით, ცრემლითა და სისხლით გაჟღენთილი ძელი… ყოველივე თვალწინ გაცოცხლდა, წამიერად გაიელვა გაროზგვის “სცენამ”  ენითაუწერელი ტკივილი დამეუფლა, ტიროდა მთელი ჩემი არსება.  ფოტოს გადაღებამ გამომტაცა ფიქრს. ფირზე აღიბეჭდა ეს წუთიც და წარსულს გააცოცხლებს დღეისამასიქით!

წმიდა პეტრე მოციქულის უბანში, ერთ რესტორანში მიგვიყვანეს, სადაც იტალიური სამზარეულოთი გაგვიმასპინძლდნენ. იმ წუთში კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ არ არსებობს მასზე უწინარესი ვიდრე  უფალი და მის სამსახურზე უფრო მნიშვნელოვანი. იჯდა ჩვენს წინ სამი მონაზონი, ჩვენ-მღელვარე და შთაბეჭდილებით “მოფრთხიალენი“ ისინი სიტყვაძუნწნი და მადლიერებით მომღიმარნი. მხოლოდ ერთი ფიქრი გვქონდა იმ დროს საერთო, ვგონებ: ვმადლობდით და ვადიდებდით უფალს ყველაფრისათვის!

შემდგომი მარშუტი ვატიკანი იყო! გზა მთავარანგელოზთა ციხისკენ, წმიდა პავლე და პეტრე მოციქულების ქანდაკებები შეგვიძღვება იმ უძველეს დროში, როდესაც ისინი იღვწოდნენ. პეტრე მოციქული- გასაღებით, ხოლო პავლე მოციქული-ხმლით ხელში. ხიდზე ანგელოზები დგანან ისეო ქრისტეს წამების იარაღით აღჭურვილნი:

I-ს- ტილო უჭირავს, რომლითაც სახე მოწმინდა ვერონიკამ;

II-ს- შოლტები;

III-ს-სამჭვალი;

IV-ს-კვართი კამათლებითურთ;

V-ს- ეკლის გვირგვინი;

VI-ს-ძელი;

VII-ს-ღრუბელი;

VIII-ს- შუბი;

S.P.Q.R. სენატი და ხალხი რომისა!

ბაზილიკა Pi San Pietro წმიდა პეტრე მოციქულის ტაძარი მის საფლავზეა აშენებული. გიდმა ყურადღება მიგვაქცევინა ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, თუ რაოდენ მიწიერნი და მოკვდავნი ვართ ადამიანები,  რომ თვით რომის პაპებსაც კი, საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად, წმიდა პეტრეს ტაძრის გარე ფასადზე, ზედა მხარეს, ექვსი მეტრის სიმაღლის ასოებით აქვთ ქვაში გამოკვეთილი თავიანთი სახელები…

მცველები ფერად სამოსელში შემოსილი შვეიცარიელები არიან. არსებობს ვერსია, რომ მათ სიკვდილს გადაარჩინეს რომის პაპი და სწორედ ამიტომ მიენიჭათ მათ ვატიკანის დაცვის უფლება. ქანდაკებებივით უმოძრაოდ მყოფებს, ბადალი არ ყოლიათ დაცვაში.

“თქვენგან ხელმარცხნივ არის საკვამური, საიდანაც პაპის არჩევისას თეთრი კვამლი ამოდის“. – განაგრძობდა ეკატერინე.

ბრინჯაოს კარები ( ძველი ბაზილიკა)  იყო ცირკი, რომელიც გადაასწორეს და სანაცვლოდ მცირე ბაზილიკა ააგეს.

მიქელ ანჯელოს “დატირება“- გაიჟღერა ხმამ და… საოცრებას დავუწყე თვალიერება გულდასმით. “ ყველა ფოტო ტყუის ორიგინალთან“ – გავიფიქრე. მეტყველება დამეხშო. თითოეული კუნთი კრთოდა მაცხოვრის სხეულზე, ის ახლაც სუნთქავდა დედა ღვთისას კალთაზე მიწოლილი. შედევრი მიჩრდილავდა მზერას. სხვა განზომილებაში გარდავისახე…  “აქეთ მობრძანდით“- განაგრძობდა ჩვენი მასპინძელი-  “ეს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის საფლავია, ეს კი -წმიდა იოანე ოქროპირის წმიდა ნაწილების ლუსკუმა“.- მივეახლეთ, მოწიწებით ვემთხვიეთ უდიდესი წმიდა მამების ძვალთშესალაგებს…

“ ტრაპეზის ქვეშ პეტრე მოციქულის საფლავია, მარჯვნივ-გრიგოლ  დიოლოღოსის“…- განაგრძობდა ეკატერინე… თვალს უჭირდა ამდენი სიწმიდის და წმიდა ნაწილების აღქმა, მეხსიერებამდე მიტანა; გონებას კი-დამახსოვრება და ცნობიერებისათვის მიწოდება…

რაღაც ზებუნებრივი გვამოძრავებდა: საოცარი, არამიწიერი, ზეაღტაცებული… არ ვიცი საიდან მქონდა ეს ენერგია… დავფრინავდი, უფრო მეტის ნახვას და განცდას მოწადინებული. -“ ჩქარა“ -ვფიქრობდი – “მეტი მოვასწროთ“- აჩქარებით მიმავალთ  მხარდამხარ მივყვებოდი. დღესაც არ ვიცი რა ძალა დამაქროლებდა ასე, უფალი ხომ არა???

პანთეონში მივედით შემდგომ. წარმართული ტაძარი Marcuis Agrippa-მ (მარკუის აგრიპა) ააშენა, იმპერატორ აუგუსტოს სიძემ I საუკუნეში ჩვ. აღ-მდე (უფრო კონკრეტულად 27 წელს), შემდგომ რესტავრაცია გაუკეთდა იმპერატორ დომისიანეს დროს ( Domisianes და Traianes), ხოლო იმპერატორმა Adrianom (ადრიანო) თითქმის თავიდან ააშენა II საუკუნეში.  ეს პანთეონი იყო ყველა ღმერთების ტაძარი. მისი გუმბათი იდენტურია წმიდა პეტრეს ტაძრის გუმბათისა. VII საუკუნის დასაწისში იგი გადაკეთდა ქრისტიანულ ტაძრად, პაპის Bonifati ( ბონიფატი) VI საუკუნის დროს.  1870 წლიდან კი იტალიელი მეფეების განსასვენებელი გახდა. იქვეა დაკრძალული რაფაელიც!…

დიდი რაფაელის საფლავიც ვნახეთ და ფირზე აღვბეჭდეთ…  პირობა მივეცი საკუთარ თავს, რომ შემდგომში დიქტოფონით ჩავიწერდი ყოველს. ჩემი ფოტოგენური მეხსიერება განზე განმდგარიყო!… მოზღვავებული ემოციის ფონზე ინფორმაციის ზედმიწევნით დამახსოვრება აღარ ძალმიძდა. ქალბატონი დალის ნათქვამი გამახსენდა:- “ ჩემი გონება ისხლიტავდა“ …

მამებმა შეგვახსენეს, რომ ერთ საათში ჩვენი მატარებელი გადიოდა ბარის მიმართულებით და სადგურისაკენ უნდა დავძრულიყავით. გზად, ქალაქის ერთ -ერთ  პრესტიჟულ ხედს რომ ამშვენებს, “ Navona“- ს მოედანზე შევჩერდით. ულამაზესი ქანდაკებებით დახუნძლული ეს “ მდინარეების შადრევანი“ – ეკუთვნის  Gian Lorezo Bernin -ს  (გიან ლორენცო ბერნინი) , ხოლო ეკლესია – Pranzezco Borromin-ს (ფრანცესკო ბორომინი) ამ ორ დიდ მოქანდაკეს შორის იყო გამუდმებული შეჯიბრი ქალაქური ლეგენდის მიხედვით!…

სადგურზე მამები გამოგვეთხოვნენ და უზარმაზარი შთაბეჭდილებებით აღსავსენი მატარებელში ავედით. კუთვნილი ადგილებით შემოვიფარგლეთ და ვიდრე ნანახს გონების თვალს გადავავლებდი, გამცილებელმა ბილეთების შემოწმება დაიწყო. მამა ლუკა წამოდგა და ჩვენი ბილეთები წარუდგინა. ხმა ამოუღებლივ ვიჯექით ყველა. მოძღვარს ოდნავმა ღელვამ გადაურბინა სახეზე, მისი ერთ-ერთი სულიერი შვილი  ეს- ესაა ჩამოფრენილიყო რომში და ჩვენთან შეერთებას ლამობდა… მანქანით მოიჩქაროდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოგვისწრო. მატარებელმა სადგურს “ შეკივლა“ და დაიძრა… წინ ხუთი ვრცელი საათი გაზლაზნილიყო ჩვენსა და მოსალოც ქალაქს შორის.

წმიდა ნიკოლოზი ქრისტიანობიდან მესამე საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწეობდა. ეს გახლდათ ქრისტიანობისათვის ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი, ჟამი ქრისტიანობისა და კერპთთაყვანისმცემლობის გადამწყვეტი შებრძოლებისა.

წმიდა ნიკოლოზი მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, ლუკიის ოლქის ქ.პათრში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა. მისმა მშობლებმა თეოფანემ და ნონამ უფალს აღუთქვეს, თუ შვილი შეეძინებოდათ, მას შეწირავდნენ.  უფალმა მათ წმიდა ნიკოლოზი გამოუგზავნა. ჩვილმა პირველსავე დღეებში აჩვენა, რომ იგი უფლის განსაკუთრებული მსახურებისათის იყო განკუთვნილი. ნათლობის საიდუმლოების აღსრულების ჟამს, იგი დაუხმარებლად იდგა ემბაზში სამი საათი. “ ამ სამ საათიანი დგომით დიდებულმა ყრმამ წინასწარ გამოხატა თავისი მომავალი რწმენა ყოვლადწმიდა სამებაში, რომელსაც მთელი სიცოცხლე ერთგულად იცავდა“.  მან სიჭაბუკეშივე უზარმაზარ წარმატებას მიაღწია ღვთისმოსაობაში. იგი ყოველივე მიწიერს  მოწყვეტილი იყო და თავი ერთიანად ღვთის სამსახურისათის მიეძაღვნა. ქ. პათრის ეპისკოპოსი, წმიდა ნიკოლოზის ბიძა , თავადაც ნიკოლოზი, ხედავდა რა ძმისწულში ყველასგან გამორჩეულ ასკეტურ ცხოვრებასა და ღვთის მოშიშებას, იგი ხუცესად დაადგინა. წმიდა ნიკოლოზი უამრავ ქველოქმედებას ეწეოდა ჯერ დაფარულად,  შემდგომ კი ცხადად. მისი ლოცვა უფალთან მსწრაფლშესმენილი იყო.

ღვთისთვის სათნოყოფილი მალე მირონ ლუკიის არქიეპისკოპოსად დაადგინეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია წმიდა ნიკოლოზის აღმსარებლობა დიოკლეტიანეს დევნილობისას, მისი თავგანწირული ზრუნვა სამწყსოზე; მისი მოშურნეობა მართლმადიდებლობის განმტკიცებასა და მწვალებლობათა აღმოფხვრაში. მისი მოშურნეობა არიოზის ერესის აღმოფხვრის საქმეში, მისი მონაწილეობა პირველ მსოფლიო კრებაზე. ( ნიკეაში – სამოცდახუთ წელს, რომელზეც სამასთვრამეტი ეპისკოპოსი  შეიკრიბა). იგი გამუდმებით ახდენდა სასწაულებს და ეხმარებოდა ხალხს. სასწაულებრივად იხსნა ქ. მირონი შიმშილისაგან; უდანაშაულო ადამიანებს იხსნიდა სიკვდილისაგან, მგზავრებს ეწეოდა; “ გზა აბნეულებს“  უფალთან მიუძღოდა; მშიერსა და უპოვარს  უწყალობებდა და ბრწყინავდა იგი თავისი სათნო ცხოვრებით მირონ -ლუკიაში,  ვითარცა განთიადის ვარსკვლავი შორის ღრუბელთა. ქრისტეს ეკლესიისათვის იგი იყო მზე გაბრწყინებული, რომელიც მას ამშვენებდა, ვითარცა შროშანი წყაროსთვალთან დანერგული, მისთვის იყო კეთილსურნელების მფრქვეველი მირონი…

მღვდელმთავარმა წმიდა ნიკლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და  მშვიდობით მიიცვალა 345-351 წლებში.

6 დეკემბერს მირონ-ლუკიის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს ღვთის დიდებული სათნომყოფელი.

ათას ოთხმოცდაშვიდ წელს ქ.ბარში მომსახურე ბერს ” ძილსა შინა”  გამოეცხადა წმიდა ნიკოლოზი და უბრძანა მას, რათა  “ქ. მირონიდან მისი ნაწილები იმ ქალაქში აღმოეყვანათ, რამეთუ უფლისათვის არ იყო სათნო, რომ იგი იმ უდაბნოში დარჩენილიყო“ .

ცხრა მაისს წმიდა ნიკოლოზის წმიდა ნაწილები დროებითქ.ბარში, ბენედიქტელთა მონასტერში დაასვენეს ( იმავე ღამეს ორმოცდაშვიდი ადამიანი განკურნა სასწაულმოქმედმა წმიდანმა) შემდეგ კი, წმიდა ნიკოლოზის სახელზე აიგო ეკლესია, მისი წმიდა სხეული ძვირფასი თვლებით მორთულ ვერცხლის ლუსკუმაში ჩაასვენეს და წმიდა ნიკოლოზის ბრძანებით ტრაპეზის ქვეშ დადგეს ქვედა ეკლესიაში (1089 წ) , ხოლო ზედა სართულის ეკლესია მოგვიანებით, 1197 წელს , იკურთხა, სადაც ძველი ლუსკუმა დაასვენეს დიდი მღვდელთმთავრის მცირე ნაწილით, რომელიც მისი სხეულიდან აიღეს. იგი დღესაც აღავლენს უამრავ სასწაულებს და მასთან რწმენით მიახლოვებულს სიყვარულით უღებს გულის კარებს! ზოგიერთი ადგილობრივი დღეში სამჯერ სტუმრობს მას… აქვე შეხვდებით მუხლმოდრეკილ, აცრემლებულ ქართველებსაც…

აი ასეთი დიდი სასწაულმოქმედის ნაწილების მოსალოცად მივდიოდით რწმენითა და იმედით აღსავსენი… მატარებელი ქალაქ ბარის რკინიგზის სადგურში შევიდა და გაჩერდა. ბაქანზე ჩამოვედით და დამხვედრს დავუწყეთ თვალებით ძებნა… მალე არქიმანდრიტი მოსე გამოჩნდა, მარტო იყო, მხარზე ჩანთა ქონდა გადაკიდებული. ” აქედან ათი-თხუთმეტი წუთის სავალია, ფეხით, სასტუმრომდე” – გვითხრა და წინ გაგვიძღვა. თბილისის ძველ უბნებს წააგავდა მკრთლად განათებული ქალაქი, “ სოლოლაკი და ვორონცოვი“ წარმომიდგა თვალწინ, იტალიური ეზოებით, შესასვლელ კარებზე გამჭვირვალე ფარდა ჩამოფარებული… გულში სასიამოვნო სითბო ვიგრძენი- მონატრება!… სასტუმრო ლამაზ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნიდა ჩვენს ცნობიერებაში. ოცი წუთი მოგვცეს მოსაწესრიგებლად, მერე “ ხმათა უმრავლესობით მოპოვებულ“ რესტორანში უნდა წავსულიყავით სავახშმოდ… ნახევარ საათში სასტუმროს “ ვესტიბულში“ მოვიყარეთ თავი და ტაატით გავუყევით თითქოსდა ნაცნობ ქუჩებს. განთქმული იტალიური “პიცა“ და “ ტირამისუ“ მივირთვით და დასასვენებლად დავბრუნდით, “ ძალა უნდა მოგვეკრიბა“ მეორე დილისთვის… უდიდესი მოვლენა იყო ჩვენთის, იტალიის ქალაქ ბარში, წმიდა ნიკოლოზის საფლავზე წირვას აღავლენდა ორი არქიმანდრიტი… ღამე უსასრულოდ გაიზლაზნა, მიუხედავად დაღლილობისა, თვალი არ მომიხუჭავს. ძლივს გათენდა…

დილის ცხრა საათზე შევიკრიბეთ წმიდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში, რომელიც ორი სართულისგან შედგებოდა. ქვედა სართულზე იყო წმიდა ნიკოლოზის საფლავი, გისოსებით გარშემორტყმული, ტრაპეზის ქვეშ. სასწალებრივი ნათელი იდგა ტაძარში… თითქოს დრო გაჩერებულიყო ჩემთვის… ჩვენი მრევლის გარდა, იქ მცხოვრები ქართველებიც მოსულიყვნენ, იტალიელებიც და ტურისტებიც. ეს უკანასკნელნი გაოცებით შეცქეროდნენ ორ მღვდელმსახურს… და ისმოდა არქიმანდრიტ ლუკას სულიდან ამომავალი ხმა „ დიდება შენდა, ღმერთო“!- გალობით ყვებოდა იგივეს არქიმანდრიტი მოსე… მე ვგრძნობდი და ვხვდებოდი, რომ ჩვენი მასპინძელი, დიდი მღვდელთმთავარი წმიდა ნიკოლოზი ღიმილით გვადევნებდა თვალ-ყურს, სიყვარულით ადევნებდა მათ ნათქვამ- ნაგალობებს და გვლოცავდა- ამინ!!!

ზიარების დრო მოახლოვდა.გისოსები, რომელიც წმიდა ნიკოლოზის ტრაპეზს ქონდა შემოვლებული გაგვიღეს.დაჩოქილები ველოდით ევქარისტული კანონის აღსრულებას… სულიდან ამომავალმა სიმძიმემ და სიხარულმა ცრემლებად პოვა გზა ჩემს ღაწვებზე.თავის შეკავება არც მიცდია.ატირებული მივეახლე ქრისტეს სისხლს და ხორცს… მამა მოსეს სტიქაროსანმა შოკოლადიანი პასკები და სიტკბოება მოგვაგება ახალ ნაზიარებლებს.წირვის დასასრულს საშუალება მოგვეცა წმიდანის საფლავთან მიახლების და თაყვანისცემის… სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ სტუმარ-მასპინძელმა სასწაულმოქმედის საფლავთან… დღესასწაული გვედგა ბარსელონიდან ჩასულ ემიგრანტებს…

წირვის დასრულების შემდეგ, ტაძრის შესასვლელში მდებარე საეკლესიო მაღაზიას მივაშურეთ და წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებული სამახსოვრო სუვენირები შევიძინეთ.

ტაძრის შესასვლელში იდგა ქართველი მოქანდაკის ზურაბ წერეთელის მიერ შესრულბული წმიდა ნიკოლოზის ბრინჯაოს ძეგლი.სიამაყით აღვივსენით  ჩვენი თანამემამულის ხელოვნების ნიმუშის ხილვით.

მამა მოსემ იტალიური სამზარეულოს გასაცნობად ერთ-ერთ მისთვის მიღებულ ადგილას მიგვიყვანა, სადაც მათთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა კერძი დავაგურმანეთ.შემდეგ ქალაქის ქუჩებს მოვეფინეთ და ვათვალიერებდით საქართველოს მსგავს უბნებს, სახლებს, ძველ და ახალ ბარს. რამოდენიმე კაცი, ჩვენი ჯგუფიდან, წმიდა ნიკოლოზის საფლავზე დავბრუნდით კვლავ და დაუჯდომელიც წავიკითხეთ… იქვე, ჩვენსავით დაჩოქილნი კითხულობდნენ ლოცვანს სხვა ეროვნების მართლმადიდებელი ქრისტიანები..

საღამოს შვიდ საათზე ერთმანეთს შევხვდით კათედრალთან, სადაც დასვენებული იყო მოწამე ქალწულ-კოლუმბას უხრწნელი სხეული…საოცრად შთამბეჭდავი იყო, თითქოს ეძინა, არადა ქრისტესშობიდან მე-III საუკუნის შემდგომ, დრო-ჟამს ვერ შეეცვალა მშვენიერი წამებული.

იქიდან სასტუმროში დავბრუნდით.დილით ექვს საათზე მიკროავტობუსით უნდა წავსულიყავით იტალიის ქ. “ბრინდის”-ში, წმიდა თეოდორე ტირონის წმიდა ნაწილების მოსალოცად.წირვა უნდა აღევლინა ორ არქიმანდრიტს მისივე სახელობის ტაძარში.

გამთენიისას, ცივ და ქარიან ამინდში, მოგვიხდა ქ. ბარიდან გამგზავრება, გულდაწყვეტილნი ვემშვიდობებოდით წმიდა ნიკოლოზის ადგილსამყოფელს.ქ. ბრინდისამდე სამი-ოთხი საათის გზა გვქონდა გასავლელი.მიკროავტობუსს წინ მამა მოსეს  მანქანა მიუძღოდა.

მსურს რამოდენიმე წინადადება მოგითხროთ,თუ ვინ იყო წმინდა თეოდორე ტირონი.

პონტოს ამასიაში მდგარ პოლკში მსახურობდა.იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა მხედარი იყო, („ტირონი“ ლათინურად ახალწვეულს ნიშნავს)  რომ უსჯულო მეფეებმა მაქსიმიანემ (305-311) და მაქსიმინემ (305-313) გამოსცეს ბრძანება, რომლის მიხედვით ყვლა ქრისტიანი, რომელიც უარს განაცხადებდა კერპთაყვანისცემაზე, სამსჯავროს უნდა გადასცემოდა. თეოდორესაც მოთხოვეს ცრუ ღმერთებისათვის მსხვერპლის შეწირვა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა. პოლკის სარდალმა- ბრინკამ, წმინდანს რამოდენიმე დღე მისცა მოსაფიქებლად.მან კი „ღმერთების დედის“-სიბილას ტაძარი გადაწვა. გამხეცებულმა მსაჯულმა თეოდორე საპყრობილეში ჩააგდებინა, რათა შიმშილითა და წყურვილით მოეკლათ. მოწამეს მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა:-  „გამხნევდი თეოდორე მე შენთან ვარ,  ნუ მიიღებ მიწიერ საზრდელს და სასმელს, რამეთუ შენთვის გამზადებულია საუკუნო ცხოვრება ცათა შინა“!- თეოდორემ გაიხარა და ფსალმუნების გალობა დაიწყო, რომელსაც ანგელოზთა დასის გალობაც შეუერთდა. მცველებმა საოცრად ტკბილი ხმის გაგონებაზე დაინახეს თეთრებში შემოსილ ჭაბუკთა სიმრავლე , რომელიც გარს შემოხვეოდა მოწამეს. კარი რომ გააღეს, თეოდორეს გარდა, სენაკში არავინ იყო. წარმართებმა მალე ხეზე მიაბეს და სამთითებით ჯიჯგნეს მოწამე, შემდეგ უზარმაზარი კოცონი დაანთეს და ცეცხლში შეუშვეს. მან პირჯვარი გადაისახა და სულიწმინდის მადლით გაძლიერებულმა, ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა 306 წლის 17 თებერვალს. ერთმა ღვთის მოსავმა ქალმა, ევსებიამ, სუფთა ტილოში შეგრაგნა წმიდანის უხრწნელი ცხედარი და  თავის სახლში დაკრძალა.  შემდეგ მოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში, მისივე სახელობის ტაძარში გადაასვენეს.წმიდანის მიცვალებიდან 50 წლის შემდეგ, უშჯულო მეფემ , იულიანე განდგომილმა ( 361-363) გადაწყვიტა ფარულად შეებილწა ქრისტიანები. მან იხმო კონსტანტინეპოლის გამგებელი და უბრძანა, დიდ მარხვის პირველი კვირის ყოველ დღეს, ბაზარში გასაყიდი სანოვაგისათვის, ნაკერპავი სისხლი, ესხურებინა. თეოდორე ტირონი გამოეცხადა მთავარეპისკოპოსს ევდოქსის და უბრძანა, არ ეყიდათ ბაზარში სანოვაგე და მხოლოდ კოლიო თაფლთან ერთად, მოხარშული ხორბალი ეჭამათ. ამ მოვლენების აღსანიშნავად ეკლესია, ყოველწლიურად დიდი მარხვის პირველი შვიდეულის შაბათს წმიდა თეოდორეს ხსენებას დღესასწაულობს და მის პატივსაცემად აკურთხებს კოლიოს მორწმუნეთათვის.
თეოდორე ტირონის სახელობის საკათედრო ტაძარი ზღვის სანაპიროდან ასი მეტრის მანძილზე მდებარეობს. დიდი , ლამაზი ტაძარი იყო. იანვრის ბოლო დღეები იდგა- ქრისტეშობის შემდგომი პერიოდი. ბეთლემში მაცხოვრის შობის ამსახველი ფიგურებით ქონდათ “დამშვენებული“ ეკლესია , მოგვები რომ ესტუმრნენ ახლადშობილ ქვეყნიერების მხსნელს თაყვანისსაცემად.
ერთ-ერთი კათოლიკე მღვდელი მოგვიახლოვდა, თბილად მოგვესალმა და გამათბობელი ჩაგვირთო. წირვამ საოცარად ამაღელვებლად ჩაიარა… ზიარების შემდგომ , წმიდა ნაწილებთან მოვიყარეთ მუხლი და სასოებით ვეამბორეთ ლუსკუმაში დაბრძანებულ ღვთისსათნოყოფილს… მამები მის შესახებ გვიამბობდნენ… შემდგომ რამდენიმე სამახსოვრო ფოტოთი შემოვიფარგლეთ და ტაძარი დავტოვეთ…
თავქვე დავეშვით, სანაპიროზე… ცივი ქარი შმაგად დაატარებდა ტალღებს ზღვაზე და დუჟმორეულს ანარცხებდა ნაპირს… იქვე მდებარე სანაყინეს ვესტუმრეთ, ნაქები იტალიური ნაყინის გასასინჯად. ცხელი ყავა და ჩაიც მივირთვით. გათოშილებს ნაყინზე უფრო მეტად მოგვესალბუნა… მგზავრობა განვაგრძეთ… რომამდე ექვსი საათის სავალი გზა გვქონდა გასავლელი. გული გვწყდებოდა.. საოცარი მოგზაურბა, დაუვიწყარი განცდებით აღსავსე სამი დღე იწურებოდა და ეს წუთები ისტორიას ჩაეკერებოდა…
მიკროავტობუსში სასიამოვნო სიურპრიზი გველოდა… ხუთ თებერვალს მამა ლუკას ბერად აღკვეციდან ათი წელი უსრულდებოდა, აქედან ხუთი წელი ჩვენთან ქონდა გატარებული- ბარსელნის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში…
მედავითნე ირინე (ირმა) სიხარულიძემ გადამღები მოიმარჯვა და სათითაოდ ჩამოგვართვა ინტერვიუ სპონტანური კითხვებით: უფალთან, ეკლესიასთან, მამა ლუკასთან მიმართებაში… ზოგიერთი ნახევრად მიძინებული მდგომარეობიდან სასწრაფოდ ერკვეოდა და ცდილობდა როგორმე მოეყარა თავი სათქმელისათვის, რათა გადმოეცათ, თუ რას განიცდიდნენ  სულიერი მწყემსის მიმართ… მრავალი რჩებოდა უთქმელი, “ ღელვას უდებდნენ ნიადაგად“. იდეა ექსტაზში შედიოდა, გახურდა, აზვირთდა და ისედაც სამი დღის განცდილმა ემოციამ ცრემლად იდინა ღაწვებზე… შემაჯამებელი სიტყვა წინამძღვარმა თქვა , დაგვლოცა და უფალთან ერთობა გვისურვა!…

“ თოვლი, ნახეთ როგორ თოვს!!!“ -წამოიძახა ვიღაცამ და ფანჯარას მივაპყარით თვალი. სწორედ ისე ბარდნიდა, როგორც საქართველოში იცის… მანქანა გავაჩერეთ, ნაჩქარევად ჩავირბინეთ სამი საფეხური და ფოტო გადავიღეთ:-

“ მხოლოდ წააგავს საქართველოს თოვლს“ – გავიფიქრე , “ ამას მოკიდება არ აქვს“… უკვალოდ ქრებოდნენ ძირს დაცემული ფანტელები. გზა განვაგრძეთ … მცირე ხნის შემდეგ ქ. რომში ჩავედით. მძღოლმა Giampio-ს აეროპორტში მიგვიყვანა. გაფრენამდე 2 საათი რჩებოდა… მოსაცდელში მდებარე კაფეს მივაკითხეთ. მოძღვარი გვიხმობდა:-

“ ჩემი ბავშვები ჩემთან“! -მეყსეულად მივეჭერით, წრე შემოვარტყით. ნანახის “რეზიუმე“ დაიწყო,თან ჩვენი მეხსიერების გადამოწმებას ახდენდა თანმიმდევრობით. აღმოჩნდა რომ მხოლოდ მისი გონება არ “ ისხლიტავდა“ , როგორც მოსალოდნელი იყო!
ზრაპრული წუთების რექვიემი კალთას იკრებდა, მკაცრ რეალობაში დასაბრუნებელი ნახტომის გასაკეთებლად ემზადებოდა. რას არ გავიღებდი, ეს სამი დღე უსასრულობად , რომ გარდასახულიყო!!! ( ალბათ, თითოეული ჩვენთაგანი ასე ფიქრობდა) ტელეფონით ვიღაცას ესაუბრებოდა მამა ლუკა… წამით სიხარულმა გადაურბინა სახეზე… რამდენიმე წუთში ჩვენი ყოფილი მედავითნე გამოჩნდა- დერეფნის თავიდან ერთიანად გაბადრული, ჩქარი ნაბიჯით მომავალი… მოძღვარმა გულში ჩაიკრა, მოიკითხა და ბარსელონაში დაბრუნება სთხოვა. ფოტინე დუმდა… ( ჩანს პასუხს ორჭოფობდა) ემოციებმა იმძლავრეს და ცრემლა დაიტირა წარსული დღენი…
ჩაჯდომა გამოცხადდა… იტალიაში მომსახურე მამებმა დარეკეს, გზა მშვიდობისა გვისურვეს!…
ჯვარი გადასახა თვითმფრინავს აფრენამდე წინამძღვარმა. მყარმა რწმენამ დაისადგურა ჩემში… წუთიც და ჰაერს ვკვეთდით ზეაჭრილნი!
ეკიპაჟმა მშვიდობიანად მოახდინა დაჯდომა. ბარსელონაში ღამის თორმეტი საათი ხდებოდა. დამხვედრნი შემოგვეგებნენ… ერთბაშად შთაბეჭდილების “მოვარდნილმა ნიაღვარმა ამოხეთქა კვლავ“… წრე შეიკრა, მიუხედავად ქანცგაწყვეტისა, შინ წასვლას არავინ ლამობდა, მოძღვარს მივკედლებოდით.

-“ გაზაფხულზე იერუსალიმში წავიდეთ, წმიდა მიწის მოსალოცად“ -ბრძანა წინამძღვარმა და გაგვიღიმა…
გამოვემშვიდობეთ,დაგვლოცა: “ ტკბილი ძილი და კეთილი ანგელოზები გვისურვა“ და შინ წამოვედით…

იერუსალიმზე ვფიქრობდი, გამუდმებით.როგორ შემეცვალა “ფიქრსაწიერი“… ვინ იცის, რას “აიკვიატებდა ჩემი დაცემული ბუნება“ მამა ლუკა რომ არა…
მეექვსე წელია, რაც წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის მრევლის ცხოვრებით ცხოვრობს წინამძღვარი, ჩვენი სიხარულითა და მწმუხარებით, ჩვენი ტკივილითა და სევდით. ჩამოსვლისთანავე ბიბლიის შესწავლა დაგვაწყებინა, დაწვრილებითი განმარტებით, ოდნავ მოგვიანებით კატეხიზმოსა და ლიტურგიკის. უფალი გაგვაცნო და წარგვადგინა მასთან, ჭეშმარიტი გზა გვაჩვენა და შეგვაყენა, “ ხელჩაჭიდებულს დაგვატარებს დღესაც თითოეულს“… აქ წამოჭრილი ყოველი სულიერი და ყოფითი პრობლემების პირდაპირი თუ ირიბი მომგვარებელია, ზეციურ მამასავით ცხადლივ თუ დაფარულად შემწე და დამხმარე. დროის ნებისმიერ ინტერვალში მზად არის გვემსახუროს, შეგვეწიოს, სული მოგვიძღვნას, რათა შეამციროს დაშორიშორება უფალსა და ჩვენს შორის…
დიდება და მადლობა უფალს, ასეთი სულიერი მწყემსის მოვლინებისათვის!!!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გადღეგრძელოთ ჩვენდა საიმედოდ მამა ლუკა!!!

ბარსელონა

ლანა შიუკაშვილი

2012წ.

ემიგრანტობა მართლაც ჭირია

ნინია გალფხანს

უმამულობა დიდი ჭირია,

დიდი ტკივილი  არის სიშორე.

უნდა გავუძლოთ   ჩემო ნინია.

ალბათ სულ მალე   ჩვენც მოვიშორებთ

ამ სამარცხვინოდ შეხსნილ იარას,

რომ არ ვიხორცებთ ჩვენივე ნებით.

რამდენმა ქარმა გადაიარა

ჩვენს თავზე,  მაგრამ  ვერ ვსუნთქავთ შვებით.

ვერ ვსუნთქავთ, რადგან ფილტვები დასკდა,

მონატრებიათ ქართული ჰავა.

კი გვიგროვდება რითმები დასტად,

მაგრამ, ჩვენი დრო უჩვენოდ წავა.

ვიცი, შენც ჩემებრ ფიქრობ დაია,

რომ არც ჩვენში დის ღელედ იქორი.

ვგავართ უფრთებო ჭიამაიას.

საქართველოა ჩვენი სტრიქონი.

ემიგრანტობა მართლაც ჭირია.

თავზე, რომ გადგას ცულით ჯალათი.

ჩვენ ფრთებს ვიპოვით ჩემო ნინია,

უნდა ვიფხიზლოთ, ჩემო ნინია,

არდაბრუნება,  არის ღალატი.

12.03.2012

ლიპო იპარტელიანი

ბარსელონა

ემიგრანტ მეგობარს

ჩვენ შეგვაშინა წუთისოფლის სადა სიმკაცრემ,
ოცნებით ვცხოვრობთ და სიმართლეს თვალს არ ვუსწორებთ,
ქარს და ქარაშოტს დავემალეთ, ვარიდეთ სახე,
ვალს გავექეცით, დასალიერს დავსდევთ ქიმერებს.
ბინა დაუდევთ ჰორიზონტზე ქარის წისქვილებს,
მიუსავლეთში არავისთვის ვკვალავთ ბილიკებს,
– “მოეკითხებათ, ამ სოფლისგან გაქცევის ცოდვა.”
ხელების ფშვნეტით, კმაყოფილი, ეშმა ქირქილებს.
თავისი ხვედრით უბედური იყო სიზიფე,
ჩვენ უშედეგო ჯაფით გვინდა მივეცეთ ტკბობას,
რად ვაქნევთ რამეს თუ საფლავი არვინ გვაღირსა,
არ წაგვიქცია ჭიქა ღვინო არვინ, აღდგომას.
ხანდახან ვიტყვით, “შევეგუე უკვე უცხოეთს,
ხიბლი ჰქონია ფიქრს, სიმშვიდეს და მარტოობას”,
თუნდ საუკუნოდ გამოგვკეტონ საღვინე კასრში,
მაინც ვერ ვიზამთ ვერასოდეს დიოგენობას.
აქ სინამდვილეს გავურბივართ ყალბი იმედით,
და სხვას ვაბრალებთ ჩვენს საკუთარ უსუსურობას,
ხელმოცარულნი, ბედისწერას დავემდურებით,
ფიქრებში, მორცხვად შევიფერებთ დონ კიხოტობას.

ვლადიმერ ღვალაძე

ბარსელონა

15.03.12

zzz

საყიდლად ზეცის დავიდე ვალი

სამოთხის მხარეს ავიღე გეზი

ამ სოფლის სიბრძნე გამოდგა მცდარი

დინებას ვერ ვცნობ, მღვრიე წყლის თევზი

ვიწროა ძალზედ სავალი ხიდი

ჯვარში მაქვს მხოლოდ იმედის ძალა

გზადაგზა ოფლსაც მადლის წილ ვყიდი

მთესველს რომ დახვდეს საპურედ, ყანა

მძარცველი, ქურდი, მიხვდება ყველგან

საცდურის ხელით მგვემენ და მცდიან

მითრევა უნდათ ბნელეთის ხვრელთან

ცეცხლში რომ დამწვან ადრე თუ გვიან

ცოდვილი ხელით ვამრავლებ ტალანტს

სიმდაბლის ფეხათ წუხილი მექცა

და რაც რამ შემრჩა გულის ხმით დამაქვს

იქნებ და რამით ვიყიდო ზეცა.

13.03.2012

„უძღები შვილი„

ბარსელონა

~~~

ვერ მოვერიე თაობის ნიჭერბს,

ისევ ჩამოვრჩი დროების დარებს

ქვის ნავში ვზივარ და ფიქრის ნიჩბებს

უაზროდ უსმევ ასწლიან წამებს

 

ვერ ვეფერები გამვლელ გამომვლელს

ვერ ვისვრი სიტყვებს ადვილად ხალხში

რადგან მგონია სიტყვა გამომლევს

უსაქმოთ ყოვლის მხედველის თვალში

 

ვერ დავიბრალებ სუნთქვის სიყვარულს

რადგან პილტვები სისუსტით მხუთავს

ვერ მივეჩვიე სწორად სიარულს

უკან ჩამოვრჩი საზიდავ გუთანს

 

წამიხდი ჟამო უსაქმოთ ხელში

რაღას ველოდო, ლოდინის თმენით

ნერწყვიც კი მახრჩობს ფხასავით ყელში

ვერ მოვერიე სისუსტეს რწმენით.

 

„უძღები შვილი„

ბარსელონა

07.03.2012

გამოდარება

შემოღამების ფიქრი ისევ აწვალებს ნიავს,

რომელიც ჩემს წინ, შორს ნაფრენი ოცნებით დადის

აქაც, მარტო და მოკისკისე ყვავილებს სძინავთ

და ქარიც ისევ სიმარტოვეს ნაჩევი ბღავის…

მიდის ფიქრი და ამ სიტყვებსაც ივიწყებს, როგორც

გუშინ ნანახი სიზმართაგან ერთ-ერთი გმირი

ამ სიზმრებსაც ხომ არ ქონია თავი და ბოლო

და ეს სიტყვებიც უკვდავების არ არის ღირსი,

რას დავაბრალო უმიზეზოდ, წყეული შფოთვა?

ეს გულის ცემაც შენელებით, ურითმოდ მიდის

წავა წარსული და ახალიც უთუოდ მოვა,

როცა სიმშვიდე ისტორიაში თავისას იტყვის…

ჰოდა მერწმუნე, შენ შენსას ნახავ, მე ჩემსას შევცვლი

აღარ იქნება ის წარსული, რაც იყო ადრე

მაგრამ იცოდე, რომ მოგონება დარჩება ჩემში

რასაც წარსულის ნაკვალევი, ისევე თანსდევს…

მინდა გათენდეს, რომ ეს ღამეც ნაცნობი იყოს

მინდა ისევე ვნატრულობდე მე დაღამებას

და ისევ ახლად, ნაცოდვილარ სიყვარულს ვიხმობ

წინ კი ვგონებ, რომ მას თან ახლავს გამოდარება!

 

ბარსელონა

მარიამ კობერიძე

2012წ

 

 

“ღმერთის წყალობით სულყველაფერი კარგად იქნება”

დიდი ხანია ვგეგმავდით, ბარსელონის წმინდა ნინოს სახლობის ტაძარში შობის შხვედრას, როდესაც ჩვენ პირველად ჩავედით ბარსელონაში ძალიან თოვდა, სამი საათის სავალი გზა გაიწელა და შვიდი საათი მოვუნდით. ამ ხნის განვმალობაში ჩვენ არც ერთი წამით არ გვიფიქრია უკან დაბრუნებაზე, რადგან წინ უდიდესი სიხართული გველოდებოდა. იქ ხომ ყველა იმ მიზნით ვიქნებოდით რომ ჩვენი ქრისტეს შობა გვეხარა და ერთმანეთისათვის სიხართული გაგვეზიარებინა. იმედი გვქონდა, რომ უფალი შეგვეწეოდა და მშვიდობით ჩაგვიყვანდა ბარსელონამდე.
ჩვენთან საფრანგეთში, მამა ლუკას პირველი სტუმრობა მახსოვს. იგი მარტო არ ჩამობრძანებულა მას თან ახლდა მამა პიროსი. ჩვენთვის ეს ორმაგი სიხარული იყო.
ჩემმა პატარა ძმამ და ბიძაშვილმა ჟრიამულით მამაოები ასე მოიხსენიეს :” ღმერთები ჩამოვიდნენო, ღმერთები ჩამოვიდნენო !!! “, ბავშვები, მამაოების სითბოსა და სიყვარულს ღმერთთან აიგივებდნენ.
მამა ლუკა ხშირად ჩამოდის ჩვენთან, ყოველი მისი ჩამოსვლა ჩვენს ოჯახში დღესასწაულად ითვლება.ყოველ ქადაგებას გულისყურით ვუსმენთ. მის სიტყვებში ჩემი თავი ბევრჯერ შემიცნია და მიტირია. მისი ყოველი ქადაგება იმით სრულდება, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, რადგან ჩვენი ფესვები იქაა სადაც ფეხი და ენა ავიდგით, ჩვენი მახსოვრობაც სამშობლოდან იწყება.
ასე მგონია ქართველ ერს რომ სიყვარული გააჩნია თავის სამშობლოს მიმართ, ისეთი სიყვარული და მონატრება არცერთ ერს არ გააჩნია.
ჩვენ სადაც ეხლა ვიმყოფებით, ძალიან გავს საქართველოს. ჩვენ ამით გულს ვიმშვიდებთ და ყველაფერს საქართველოს ვუახლოვებთ. ეს ყველაფერი ნოსტალგიასთან გვაკავშირებს, რაოდენ ბედნიერი არ უნდა იყოს ქართველი სხვა ქვეყანაში, ის ბოლომდე მაინც ვერ გაიხარებს, რადგან ადამიანის სულიერი სიმშვიდე-ჰარმონია, სამშობლოს გარეშე შეუძლებელია და წარმოუდგენელი.
მთელი ჩემი პატარაობა აქ გავატარე, აქ გავიზარდე. ათი წელი ძალიან მალე გავიდა. ამ წლების განმალობაში მე და ჩემმა ოჯახმა ბევრი რამ გადავიტანეთ, უბინაობა, გაჭირვება – როგორც მატერიალური ასევე სულიერი…
ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ უსახლკაროდ, საავადმყოფოდან ახალი გამოწერილი, ჩემს მშობლებთან ერთად ღამე-მანქანაში გაგვითენებია. ჯერ კიდევ პატარას ძალიან ბევრი ტანჯვა მინახავს – რასაც არავის არ ვუსურვებ. მე ჩემი ბავშვობა სწორედ აქ დავკარგე, ამ ყველაფერს კი ახლა ვათვითცნობიერებ, მაგრამ დღეს-დღეობით არ ვნანობ რომ აქ ვარ, ამ სიშორით მე ჩემი სამშობლოს სიყვარული სულ სხვანაირად შევისწავლე. ჩემს ოჯახში ქართული პატრიოტიზმი უპირველესია, ჩემი მშობლები ყოველთვის “ქართულად” მზრდიდნენ და ასე იქნება მარად, უუნითი უუნისამდე! ამინ.

საფრანგეთი
მარიამ სეხნიაშვილი
2012წ

ჩემი ჯინი, ბოთლი და ნოსტალგია

არ ვიცი სული მართლა დუმბაძის ბოთლში ჩასმული ჯინია და თავისუფლების ხარისხის მიხედვით აღწევს გენიალურობას თუ არა, მაგრამ მე ახლა არც მებოთლება, არც მეჯინება და არც მეგენიალურება… მძიმე ფიზიკური შრომა, განსაცდელთა მთელი კასკადი და მოულოდნელად გაძვირფასებული ადამიანისთვის მიყენებული დიდი ტკივილი ერთმანეთს დაერთო და ჩემი სული უბრალოდ კი არ დადუმდა, ბოთლის ან ლამფის ნაცვლად ცხრალკიტულში გამოიკეტა. ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩემთვის, მაგრამ პირადი ბლოგის ნაცვლად ეხლა სხვა  არენა მელოდება და სხვა პასუხისმგებლობა მაქვს დაკისრებული, რაც უფრო ამწვავებს ჩემს მდგომარეობას… არადა, ისეთი ხასიათი მაქვს, ძალით ვერაფერს ვაკეთებ და მითუმეტეს, ძალით წერა არ შემიძლია.

სათქმელი ბარემ ბევრია, მაგრამ არა ის, რის თქმასაც მე თვითონ ვისურვებდი. რაზე უნდა მოგიყვეთ? ოჯახები სამშობლოში თქვენც გულგალეულები გელოდებიან, საბუთების და ლეგალიზაციის პრობლემები ოდესღაც თქვენც ჭერში გამოკიდებული თოკივით გქონდათ, გაქვთ, ან გექნებათ ყელში წაჭერილი და ფულს ხეებზე არც თქვენ კრეფთ ფოთლების ნაცვლად… რა საჭიროა ჩემი მხრიდან ამისთვის კიდევ ერთხელ ხაზის გასმა… რაში გვჭირდება წუწუნი და ვაება, ამინც არაფერი შეიცვლება და გამოსწორდება. ერთადერთი გამოსავალი მსგავს სიტუაციებში სასწაულით შერჩენილი ძალის და ნებისყოფის ერთ მუშტში მომწყვდევა და ძალის დაუნანებლად, დაუზარებელი ბრძოლაა მხოლოდ. სხვა ყველაფერი ჩვენი მხრიდან უბრალოდ სიმხდალის და სისუსტის გამოვლინება იქნებოდა და მეტი არაფერი….

წამოვედით… ჰო, ავდექით და წამოვედით… სხვადასხვა დროს, მაგრამ წყლის წვეთივით მსგავსი მიზნებით და იმედებით. ჩემნაირი გულუბრყვილო სუბიექტები მაქსიმუმ ერთ წელიწადში გეგმავდნენ დაბრუნებას, მაგრამ ზოგი წინდახედულიც კი შეაძრწუნა უკან მიხედვის მერე აღმოჩენილმა დრომ, რომელიც ემიგრაციაში გაატარა. წინ გახედვის მერე კი ყველანი ერთნაირად დავიზაფრეთ… სიზიფეს შრომას გავს ჩვენი ცხოვრება… მივაგორებთ სადღაც უზარმაზარ ლოდს და ყოველ ჯერზე ვხვდებით, რომ ისევ საწყის წერტილზე ვართ და მივდივართ სადღაც, უკვე დაკარგული მიზნისკენ… მივდივართ, როგორც მექანიკური თოჯინები.. ყოველგვარი ემოციის და ადამიანური ბედნიერების გარეშე… მივდივართ, იმიტომ რომ ასეა საჭირო, იმიტომ რომ სხვა არაფრის კეთება ვიცით.. იმიტომ რომ სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს…

მაინც შემომეწუწუნა))) არადა, როგორ არ მიყვარს წუწუნი)))

წუხელ სტუდენტობის დროინდელმა მეგობარმა მომწერა, რომ წამოსვლა უნდა და მარტო მე მენდობა, რომ რჩევა მივცე… არც ისეთი ახლო მეგობარი იყო, რომ რამის გაკეთება ან არ გაკეთება კატეგორიულად ავუკრძალო, თან არ მჩვევია აკრძალვები. უბრალოდ, როცა მკითხა, როგორ წარიმართა ჩემი ცხოვრების ევროპული ნაწილი ვუპასუხე, რომ ჩვეულებრივად, როგორც ყველა სხვა დანარჩენის. უამრავი დაცემით და წამოდგომით, კარგით და ცუდით. უბრალოდ,  აქ ადამიანები ცხოველებს ემსგავსებიან, გპარავენ და გტაცებენ ყველაფერს, რაც არ სჭირდებათ და არც კი მოსწონთ. ამის მერე კი შენ კარგავ ემოციებს და ხდები ვიღაც სხვა. გაეცინა და მითხრა, რომ ცხოვრება აქაც ისეთი ყოფილა, როგორც სახლში… რომ მანაც დაკარგა ემოციები… ალბათ მართალია, ასეთია ცხოვრება და ჩვენი რეალობისგან არ  ღირს ტრაგედიის შექმნა…. სახლშიც არ ულხით… ეს კიდევ ერთი მიზეზი ბრძოლის და არ დანებებისთვის…

დღეს  მე და სოფიამ ტრადიციული შაბათ დილის ყავა მივირთვით ღია კაფეში და ტრინიდად ველლას მზიან ხეივანს ავუყევით ,,თბილისოს,, სიმღერით. თვალები დავხუჭე, რომ ცრემლები არ ჩამომღვროდა… წარმომიდგენია, რა ლამაზია თბილისი ახლა… აპრილის თვიდან კოსტავაზე და ვარაზის ხევზე ყვითლად დაიდება აყვავილებული ხეებიდან ჩამობერტყილი მტვერი. პირველკურსელები ამინდების გამოსვლისთანავე შეესევიან ზოოპარკს, რომელსაც მეორე წლიდან ცოცხალი თავით აღარც კი გახედავენ. ჩემი დიშვილები უჩემოდ ითამაშებენ ბილიარდს და ახალი გეპეიშნიკები თვითონ გამოიგონებენ ახალ ხუმრობებს საკუთარ თავზე, რომელიც მთელ ქალაქს მოედება))))  ახლა კი იებს და ყოჩივარდებს მიაქვთ თბილისი… მე სული მიმდის ერთი კონა იებისთვის, თბილისში კი სულ რაღაც 20 თეთრი ღირს… თებერვლის თვიდან ყველა ბუჩქის ქვეშ, ყველა სკვერში, ბალახზე, ხეებზეც კი თვალების ცეცებით ვეძებ იისფერს… მარტის თვეში კი დოდუნამ სამოცდაოთხი შეასრულა და ცრემლებით შეამკო ჩემი გაგზავნილი მარგალიტები….  წამეკიდა გაზაფხული, ოღონდ ნელი ცეცხლივით….

ესეც ჩემი ჯინი, ბოთლი და ნოსტალგია…

ღმერთო, რამდენი მაქვს სათქმელი და როცა გავივსები, ძველებურად დავღვრი ლექსებს და პოსტებს))) ოღონდ, არა გაბრაზებულს და  ცეცხლმოდებულს… უფალმა გაანათოს ჩვენი გონება და ამ სინათლემ მართოს ჩვენი გული… მოგვეცეს ძალა, ჩვენსავე ნებამ მართოს ჩვენი სხეული და ასე შემდეგ)))))))))))))))))))))… სიმშვიდე და ნათელი ყოფილიყოს ჩვენი თანამგზავრი….

მოკლედ, დამავიწყდა რა მიინდოდა… ან მინდოდა რამე??? ))) რატომ აღარ წერო და აჰა, მეც დავწერე))0 შედეგებზე პასუხს აღარ ვაგებ)))

წავიდა არაოფიციალური ნინია სხვა ფრონტზე საბრძოლველად)))) გიტოვებთ სიზმრებს ჩემს ულამაზეს თბილისზე, მკერდში გულის ნაცვლად რომ მიკონწიალებს)))…..

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს,

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

. . . წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს,
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან,
აელვებული იდგა თბილისი.

ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულში
როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.

ნუ მომწერ. . . ისეც ვიცი, რაგვარი
ფერებით ჰყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.

მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვს გულების საამო ფეთქვა,
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად,–

გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ–მზე გამარჯვების.

დარბებს მიღმა გაზაფხულია *(

ერთხელ ბარსელონაში

2012 წლის, 3იანვარს, ბარსელონის წმიდა ნინოს სამრევლოს, 5წელი შეუსრულდა. მამა ლუკამ ჩვენც მიგვიწვია კონცერტზე, რომ ჩვენი სამშობლოს სახელი წარმოგვედგინა ესპანელი ხალხისთვის, ეს ჩვენთვის უდიდესი პატივი იყო. ჩვენ გავემგზავრეთ ბარსელონაში, იქაური მრევლი ძალიან თბილად შეგვხვდა, როგორც ყველა სტუმრობაზე. ბარსელონაში რომ ჩავდივარ ჩემი თავი პატარა საქართველოში მგონია. მამაოს გვერდში ნამდვილი ქართველები უდგანან, ეს ყველაფერი კი მამაოს დამსახურებაა, რადგან ის ყოველთვის იბრძვის იმისთვის, რომ ქართული სული არ ჩააქროს მათ გულებში. ბარსელონაში არსებობს, ქართული ენის, ლიტერატურის, ისტორიის, ცეკვის და სიმღერის სკოლა, რაც ყველაზე მთავარია მათ ეკლესია აქვთ, დედა ეკლესია, რომელიც ყველას აერთიანებს და აძლიერებს სულიერად, ეს უდიდესი ბედნიერება და მადლია. ჩვენ კი, ვნატრულობთ ყოველ კვირას, ყოველ დღესასწულს, ქართული ლოცვა და გალობა მოვისმინოთ. მამაოს ყოველი ჩვენთან სტუმრობა, უდიდესი სიხარული და ბედნიერებაა.
კონცერტმა შესანიშნავად ჩაიარა, ეს ჩვენი ანსამბლის პირველი გამოსვლა იყო უცხო ქვეყანაში, შეიძლება ითქვას ჩვენი “დებიუტი”. ეს მომენტი ჩვენთვის აღმატებული იყო, ამ დღეს ჩვენ პატარა სამშობლოში ვიყავით, ხოლო ესპანელები ჩვენი საქართველოს სტუმრები იყვნენ.

საფრანგეთი
მარიამ სეხნიაშვილი
2012წ