RSS Feed

მე შენ მიყვარხარ

მე შენ მიყვარხარ… მიყვარხარ შენი კარგით და ცუდით… მიყვარხარ მაშინ, როცა მოულოდნელად გეჩეხები თვალებით და თბილი ღიმილით გამარჯვებას გისურვებ, შენ კი დაბნეული ცდილობ გაიხსენო, საიდან მიცნობ… არც ის მტკივა, რომ ვერ მიხსენებ, რომ ვერ ხედავ ჩემს სახეზე შენი დის და შვილის ნაკვთებს. ჩემი მიხრა-მოხრა დედისეულს რომ არ გაგონებს, ჩემი სიცილი კი ჩვენი წყაროს წყლის რაკრაკს. ათასობით კილომეტრები ჩადგა ჩვენს შორის და ალბათ მიმივიწყე. მერე კი მეც ვიცვალე სახე, მაგრამ შენ მაინც მიყვარხარ… მივიწყებულიც გულით გატარებ საფიცარს… ვინ მყავს შენს მეტი…
პირველ ხანებში ნაბიჯებზეც გცნობდი, მერე გიღალატე და ისედაც ლტოლვილმა სხვა მიმწაზე გადავწყვიტე დამკვიდრება. ნამზითვებ ვეფხისტყაოსანზე ვთქვი უარი და საერთოდ უმზითვოდ დარჩენილმა აღარ ვისურვე შენი თვალების ცნობა. ვიცოდი, გული გატკინე და პატიების თხოვნას ვერ ვბედავდი, ამიტომ გადავწყვიტე, საერთოდ გაგრიდებოდი, მაგრამ როგორ უნდა გაექცე საკუთარ თავს? შენ ხომ ჩემი ყველაზე ლამაზი ნაწილი ხარ. როცა უფლისგან მიტევების იმედი გამიჩნდა, ისევ დაბრუნდა შენი ტკივილამდე ნაცნობი გამოხედვა. ისევ დაიწყო ჩემს ძარღვებში შენმა სისხლმა ყივილი და ახლა გპირდები, ყოველ შეხვედრაზე ერთგულებით სავსე გულით გისურვებ გამარჯვებას, სხვა თუ ვერაფერი შევძელი… მერე რა თუ დაიბნევი და შეიძლება მეც შემაცბუნოს შენგან ნაუცხოვებმა საკუთარმა ფამილარობამ…. მე ხომ მაინც ვიცი, რომ ცოტას დაფიქრდები და მაინც გამიხსენებ…
მიყვარხარ როცა საკუთარ სიცოცხლეს ვენებში გაშვებულ შხამზე ცვლი. ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მტკივა შენი ტკივილი… მიყვარხარ, როცა შენს გამო ჩემი სახელიც ისვრება ლაფში. მირჩევნია ვიცოდე, რომ არსებობ, ვიდრე უშენოდ დიდების შარავანდედი დამადგან… არაფერი მაქვს ამაზე ძვირფასი, თუნდაც შენ საკუთარ არარაობას მაფარებდე სახეზე… არასოდეს დავიჯერებ, რომ ცუდი ხარ… ვერასოდეს შეგელევი, რადგან შენი ყოველი დაცემა ჩემთვის სახეში გაწნული სილაა და მიზანი, ვიცოცხლო შენი იარების მოსაშუშებლად…
ნეტავ იცოდე, რა უსასრულოდ მიყვარხარ….
როცა გხედავ, ვიცი რასაც ფიქრობ. შენი ხელის მოძრაობითაც კი შემიძლია გამოვიცნო, რა ხასიათზე ხარ და რისი მოსმენა გჭირდება. ხანდახან გეუცხოვება ჩემგან ამდენი სითბო და ყურადღება და გული მეკუმშება. ვცდილობ გაგახსენო, რომ ადრე სიცოცხლეს ვჩუქნიდით ერთმანეთს… ეხლა რა გამიხდა შენთვის ნათქვამი ერთი კეთილი სიტყვა, როცა სავსე ვარ შენი სიყვარულით…
ვიცი, როცა ყველაზე ძალიან მიჭირდაა, შენ იყავი ჩემთან. ჯიუტად ანგრევდი იმ კედელს, რომელსაც ვაშენებდი ჩვენს შორის… აცლიდი აგურებს სათითაოდ და დაუღალავად. არასოდეს დაგცდენია საყვედური… მაშინაც კი, როცა მე სვანს ევრო შევურიე და ახალი ქუდის მორგებით შენი ჩარჩოების ნგრევა დავიწყე. მაპატიე, მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ რის შეცვლასაც ვცდილობდი, სწორედ იმის არქონამ და ვერდანახვამ ჩამკირა ცოდვაში. მადლობა, რომ ტაძრის კარამდე მიმიყვანე… რომ შენი მოთმინებით დამანახე, არ ყოფილა ყველაფერი ტყუილი და სიცოცხლე მშვენიერია…
მიყვარს შენი ყველა ნაოჭი, ბებრული და მძიმე ნაბიჯები… ჩემი სისხლის ყოველი წვეთი შენს ძარღვებში…
მიყვარს, როცა მონიტორს კოცნი და მეუბნები, რომ გენატრები…. არ ვიცი, რა გახსოვს ჩემი… სულ თოთო დაგტოვე და ახლა თვითონაც მიჭირს შენი იმ პატარასთან გაიგივება, რომელსაც ხელში ვაძინებდი…
მიყვარხარ, როცა ტაძარში დარბიხარ და ყველას ფეხებში ედები… შენი წკრიალა ხმა მიყვარს… ჩემეული კანის ფერი და უკვე თვალებში გაელვებული ხასიათი. მტკივა, როცა ჩვენს ენაზე სიტყვებს ამტვრევ და ისიც, რომ არასოდეს გინახავს ჩვენებური ვარსკვლავებით მოჭედილი ცა… არ დაგილევია იმერული ჭის წყალი… კავკასიონის მკლავებში გაწოლილი ნისლით არ გავსებულა შენი ფილტვები…
ახლა ზუსტად ვიცი, რომ ამ ცოდვილ მიწაზე ჩემი ერთადერთი, ნამდვილი სიყვარული ხარ და სიცოცხლის ბოლომდე დავრჩები შენი ერთგული. არაფერი მაქვს ამის გარდა… არავინ მყავს შენზე ძვირფასი და რამდენჯერაც არ უნდა დაეცე, შენთან ერთად წამოვდგები… მჯერა, რომ ერთად დავუბრუნდებით უფლისკენ მიმავალ გზას… დავიმსახურებთ მიტევებას და მივაღწევთ სულიერ ხსნას….
გთხოვ, არასოდეს დაივიწყო, რომ შენთან ვარ და ეცადე, ამის მეათასედი მაინც დამიბრუნო… იმიტომ არა, რომ მე მჭირდება ან ველოდები… უდიდესი ბედიერებაა, როცა გულში სიყვარულს ახარებ, რადგან უფალია სწორედ სიყვარული და რამდენ ღიმილსაც მაჩუქებ ქუჩაში შემხვედრს, იმდენი ნაბიჯით მიუახლოვდები შვებას. სულის სიღრმეში შენც ხომ იცი, რომ არავინ გყავს ჩემს გარდა და არავინ გგავს უფრო მეტად…. შენც ხომ ხედავ, რომ ერთნი ვართ და სიშორე არ შეგვიძლია… თუ შემთხვევით კიდევ ერთხელ გაწყენინებ, მაპატიე და მოთმინებით მომეცი მაგალითი… ნუ მომიშორებ და ოდესმე მეც ვისწავლი შენს გაფრთხილებას…
გახსოვდეს, რომ მთელი არსებით მიყვარხარ….

Advertisements

2 responses »

  1. Dalian kargia…cremli gamikrta tvalze… rogori tbili da sulshi chamcvdomi sityvebit eferebi…
    Yochag Nini!!!

    პასუხი
  2. რაღა დავამატო, ან რა კომენტარი დავწერო იქ სადაც ყველაფერი ნათქვამიაა….
    მხოლოდ ერთ ფრაზაში, რომ სიყვარული თავად უაფალია!!
    მიხარია რომ ამის შეგრძნება შენს თემაში ძალიან კარგადაა გადმოცემული…

    გაუფრთხილდი იმას, რაც შენში აღმოაჩინე (უკვე არსებული)!! თავად მიხვდები რასაც ვგულისხმობ, ნინო…

    მარიამი

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: