RSS Feed

მორჩილებით დაწყებული საქმე აუცილებლად გამოვა

წმინდა მამები სულიერი ცხოვრების დაწყებას მორჩილების აღსრულებით გვირჩევენ. სამწუხაროდ, არ გამაჩნია არანაირი ლიტერატურა იმ უამრავი სწავლებისა, რაც ამ სათნოებას შეეხება. ჩემს გონებას მხოლოდ სულიერი მოძღვრის დარიგება შემორჩა   “როგორც რკინა ემორჩილება გრდემლს, ისე დაემორჩილე კურთხევას”-ო. ამისდა მიუხედავად, საკუთარი გამოცდილებიდან ვერაფრით გაგამდიდრებთ, რადგან ამ სათნოებაში ჩემი სული არასოდეს წარმატებულა… ამ სიცარიელეს სიამოვნებით შეგივსებთ ურჩობის ცოდვაში ჩარჩენილი ადამიანის გაკვეთილებით, რადგან მსურს თავიდან ავიცილოთ სიჯიუტის ხიდან დაუკითხავად მოგლეჯილი ნაყოფის მწარე გემო. მაინც რა არის მორჩილებაში ისეთი, რაც მორჩილის სულსაც წვრთნის და მოძღვრის მიზანსაც ამართლებს? მორჩილებას წმ. მამები  ენით გამოუთქმელ ნეტარებას ადარებენ.  მორჩილი ანუ მონა, მონა-მორჩილი თუ დავუკვირდებით ქართულ მეტყველებაში ეს ორი სიტყვა თითქოს ერთი და იგივე არსის გამომხატველია, მაგრამ ღმრთისმეტყველებაში ასე არ არის  “არღარა გიწოდთ მონებად, არამედ მეგობრებად” ?  გვეუბნება უფალი და გვანუგეშებს, რომ                       მისი ნების აღმსრულებლებს, მონობის დამამცირებელ საფეხურზე კი არ გვტოვებს, არამედ თავისი დიდების სწორ სიმაღლეში გვიწვევს. მორჩილი მონა არ არის, მორჩილი თავისუფალია… ეუფლება რა საკუთარ განცდებს და გულისთქმებს, მორჩილი ყველაზე კარგად შეიცნობს თავისუფლების არსს, თავისუფლების საზღვრები კი მისთვის იმ კურთხევის საზღვრებზე გადის, რომელშიც ის მოქმედებს. მორჩილებას სხვადასხვა სახით აღასრულებენ, ვის ლოცვის მორჩილება აქვს, ვის მდუმარების, ვის გალობის, მაგრამ ყველაფერი ეს საბოლოოდ მორჩილების უდიდესი მასწავლებლის იესო ქრისტეს კურთხევაში ვლინდება.  მორჩილების რამოდენიმე მაგალითიდან მე მხოლოდ ღმრთისმშობელ მარიამის მრჩილებას შეგახსენებთ. წმ. მარიამს, რომელიც ტაძრის კედლებს არათუ სხეულით, ფიქრითაც კი არ განშორებია, უფალი დედად გახდომის ზღურბლზე აყენებს. დედა-ქალწული, კაცობრიობის ისტორიაში ამოუხსნელ ამ საიდუმლოს, ქალწულის გონება ასეთი უბრალო სიმშვიდით ეგებება “ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა , რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი”? (ლუკ.ს.34) ამ საოცარი გულწრფელობით წარმოთქმულ კითხვას არა ერთხელ მოუდრიკავს ჩვენი ურჩობით გაქვავებული გულები. ბრძენი ქალწული ერთის მხრივ გვარწმუნებს, რომ ის ნამდვილად ქალწულია, და ამით ლახვარს სცემს იმ მწვალებლურ სწავლებას, რომელიც მის სიწმინდეს ეჭვქვეშ აყენებს, მეორეს მხრივ, კი გვიმჟღავნებს, რომ მან იცის ბუნებაში  მოქმედი წესის არსი, მაგრამ ანგელოზის უწყებას დამორჩილებული, კაცობრიობის მხსნელის მტვირთველი ხდება. მაინც რა გვიშლის ხელს, რომ თავმდაბლობით აღვასრულოთ მორჩილების ღვაწლი? ალბათ დამეთანხმებით, რომ  ამ სათნოების დამაბრკოლებელი მხოლოდ ურჩობა არ შეიძლება იყოს. მორჩილების სურვილით ანთებულებს ხშირად შეგვიმჩნევია ჩვენს სულში ბოროტის მიერ გახლართული ეჭვის ქსელი. “მე ეხლა ამ კურთხევას ნამდვილად ვერ შევასრულებ”, “კი მაგრამ მე სულ სხვა რამ ვთხოვე, მან სულ სხვა მიბრძანა”,  “მე სხვა თემაზე მსურდა საუბარი, მან სხვა გზით წარმართა”, “მე ასე და მან ისეო” მაინც ვინ არის ეს “მან”  ვისი სულ ადვილად აღსასრულებელი კურთხევაც კი მიუღებელად, ხშირად კი შეუძლებლადაც გვეჩვენება. ეს ის სულიერი მოძღვარია, რომელიც კურთხევის ბრძანებით ღვთის ნებას გვიცხადებს და უფლისგან გამოითხოვს მადლს ჩვენს შესაწევნელად ამ ნების აღსრულებაში. თუ მოძღვრის კურთხევის აღსრულებას მისი მოსალოდნელი შედეგის განსჯით იწყებთ გთხოვთ, ნუ შეუდგებით ამგვარ მორჩილებას, რადგან გამომიცდია, რომ მისი აღსრულებით მხოლოდ საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეძლებთ. მორჩილი ადამიანი ჩემი იდეალია. მსურს დაგიხატოთ ურჩის თვალით დანახული მორჩილის ხატი. სწორედ ხატი, რადგან მორჩილი ჩემთვის წმინდანია და წმინდანს ისე სრულყოფილად არაფერი გამოსახავს, როგორც ხატი.  წარმომიდგენია როგორი თავდადებით ცდილობს თითოეული ჩვენთაგანი წმინდა მამების მორჩილების მიბაძვას, იმ უპირველეს სათნოებას, რომელთაც ისინი გამოქვაბულის დახეთქილ კედლებს და უკაცრილ უდაბნოებს ანათებენ და ათბობენ. მათ სულში მუდმივად განისვენებს სიმშვიდე. “ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ  დაიმკვიდრონ ქვეყანა”. როგორ იმკვიდრებენ წმ. მამები ქვეყანას?  თავიანთი მოძღვრის მორჩილებას მიდევნებულები, ისინი თვითონ იმორჩილებენ გამძვინვარებულ მხეცებს და ბუნების სტიქიებს.  უფალი მათ მსახურებაში აღძრავს მთელს სამყაროს. მორჩილების გზა თავად უფლისგან არის ნაკურთხი. ყველას  თვალწინ წარმოგვიდგება გოლგოთისკენ მიმავალი უფლის მზერა, სიკვდილამდე მორჩილი უფლისა, რომელმაც სწორედ ურჩობის ცოდვით დაცემული ადამის გახრწნილი თხემი, უხრწნელებში უნდა აღადგინოს…

მორჩილს არ აქვს უქმადმეტყველების დრო, რადგან მისი სული გამუდმებით იმის ძიებაშია, თუ როგორ აღასრულოს გარშემომყოფი ადამიანების ნება. ურჩი ამაოდ მეტყველებს და მოცალეობს. მოძღვრის პირველ კურთხევას გაქცეული ურჩი ლაღად ითხოვს მეორე, მესამე და ასე შემდეგ კურთხევას, ხოლო საბოლოოდ მაინც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე კურთხევის მსხვერპლი ხდება. მისი შრომა როგორი გულმოდგინებითაც არ უნდა იყოს შესრულებული უნაყოფო და ფუჭი რჩება.  ყოველი სათნოება თავისებურად შენიღბულია, მაგრამ მორჩილება იმდენად დაუტევნელია, რომ გარეგნული ფრომითაც ადვილად მჟღავნდება. მორჩილის მზერა მშვიდი და თავშეკავებულია, ტონი თბილი და რბილი, ნაბიჯი მოზომილი. მორჩილი თავს იშვიათად წევს მაღლა და საგნებს და ადამიანებს მხოლოდ იმ დანიშნულებით აღიქვამს, თუ როგორ ჩადგეს მათ სამსახურში. მორჩილი ძირითადად დუმს, რადგან მისი სული მუდამ საქმობს, ხოლო თუ მისგან აზრის გამოთქმას ითხოვენ, მისი სიტყვა მოკლე და პრაქტიკულია, მის საუბარში იმედი გამოსჭვივის. მორჩილთა  რიგებში მჭევრმეტყველ ფილოსოფოსს  ვერ  შეხვდებით, რადგან მორჩილი სიტყვით კი არ მეტყველებს, არამედ იმ კურთხევის აღსრულებით, რომელსაც ღვთის ბრძანებით შედგომია.

მორჩილი არ განიკითხავს. იგი სულს იწრთობს საკუთარ ნება-სურვილთან  წინააღმდეგ ბრძოლაში. დამარცხებული ვნებებისგან გაქცეული მორჩილი გამარჯვების ნამდვილი სიხარულით ტკბება, ამიტომ მორჩილთა შორის იშვიათად ნახავთ დამწუხრებულ მორწმუნეს. მორჩილი სიხარულით აღასრულებს მოყვასის მსახურებას, რაც მის სულს სიყვარულით და სიკეთით ავსებს. მირჩილის სახეს აღბეჭდილი მშვიდი ღიმილი მოყვასის სამსახურში მზადყოფნის მომასწავებელია. მორჩილების მადლი გადამდებია.

სათნოების დედად გამოცხადებული მორჩილება თავისთავად იწვევს სულიწმინდის სხვა ნიჭებს, რომელთა შესაძენად  მორჩილს ბრძოლა აღარ უწევს. იგი ბუნდოვნად იმკობს თავს თავმდაბლობით, მოკრძალებით. თუ ურჩი სულის შეპყრობას ბოროტი მის საკუთარ ნება-სურვილზე მინდობით იწყებს, მორჩილს საკუთარი არაფერი არ გააჩნია. ურჩი ადამიანის თვალის მიდევნება გზააბნეულ ბილიკზე ძალიან ადვილია, მორჩილის სამყარო კი დაფარულია, მორჩილის ღვაწლი იდუმალი. კურთხევის აღების წინ, მორჩილი თითქოს უფალთან შესახვედრად ემზადება და მისი გული ღვთის ახალი განგებულების მოლოდინში ძგერს. მისი სმენა ღვთის ბრძანების მისაღებად არის გამართული. მორჩილმა უფლის უამრავი საიდუმლო იცის, ისევე როგორც უფალმა იცის თავის მორჩილისა… თუ მიწიერ საზრუნავებს გაქცეული თქვენი სული ღვთის სიწმინდეთა წვდომას შეეცდება, ბრძენთან ნუ წახვალთ, მორჩილთან წადით, რადგან ბრძენი გვასწავლის, მორჩილი კი შეგვამეცნებს.

18.10.2009

ნანა კორკოტაძე

Advertisements

6 responses »

  1. დაე უფალმა მოგვცეს ყველა მართლმადიდებელს ასეთი სრულყოფილი მორჩილება….მადლობა ნანას ასეთი სულიერი ნაშრომისთვის.მაპატიეთ აღარ მახსოვდა ეს ნაშრომი….
    თუ მოიძიებთ მორჩილებაზე ძალიან საინტერესო წერილები აქვთ: წმ. იოანე რაითელ იღუმენს და წმ. იოანე სინას მთის იღუმენს(რომელმაც შემდგომ მორჩილების ნიშნად დაწერა „კლემაქსი ანუ კიბე“. და მას ბერ-მონაზონთა მეორე სახარებასაც უწოდებდნენ). გაგახაროთ უფალმა……

    პასუხი
  2. მორჩილი აკაკი გახსოვთ ალბათ, თუ არა და……იქნებ…..

    პასუხი
  3. Shesanishnavi nashromia,cheshmaritad agfrtovanebis girsia…Nana,shen yoveltvis axerxeb chvens “sasiamovnod gaocebas”…Siamayesa da sixaruls mgvris sheni nebismieri shemoqmedeba,naqargi, naceri tu cakitxuli…Shen ertma qalbatonma”tkbil_ moubari shegarqva,me davamatebdi:SAOCREBA xar!!!!!!!!

    პასუხი
  4. მართლაც რომ ეს თემა ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს. ჩემი მხრიდან შეფასების უმაღლეს ქულას ვუწერ….მართლაც რომ ვისურვებდი ყველას გამოგვეჩინოს მორჩილება ჩვენი მოძღვრისა…

    პასუხი
  5. ძალიან დამაფიქრებელია ყოველთვის თემა მორჩილებაზე და ამ თემამაც კიდევ ერთხელ დამაფიქრა… ნუთუ ჩვენს ხელთ არ აარის ის, რომ ვიყოთ მორჩილნი? შეუძლებელი ხომ არაფერია? მადლობა ნანას კიდევ ერთხელ…

    პასუხი
  6. “მორჩილი მონა არ არის, მორჩილი თავისუფალია… ეუფლება რა საკუთარ განცდებს და გულისთქმებს, მორჩილი ყველაზე კარგად შეიცნობს თავისუფლების არსს, თავისუფლების საზღვრები კი მისთვის იმ კურთხევის საზღვრებზე გადის, რომელშიც ის მოქმედებს”- zalian kargad aris natqvami, gmertma shegvazlebinos sakutari gancdebis da gulistkmebis daupleba da amit tavisuplebis shecnoba!

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: